ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ქმედებების გამო, რაც ხორციელდება მათ წინააღმდეგ, ვინც აპროტესტებს კანონპროექტს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ აშშ-მა ითანამშრომლოს საქართველოსთან, საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი.
„ვფლობთ ინფორმაციას სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გაზრდილი ფიზიკური შეურაცხყოფისა და შევიწროების ფაქტების შესახებ. ჩვენ ამას ვგმობთ და მოვუწოდებთ დამოუკიდებელი, დროული გამოძიებისკენ. სიამოვნებით ვთანამშრომლობთ საქართველოსთან წარმატებული პარტნიორობის ფარგლებში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გვსურს, განვაგრძოთ მუშაობა საქართველოსთან. ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, რომ ასე იყოს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ მილერს კითხვა დაუსვა, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ შენობიდან ყველა გაფრთხილებას აიგნორებენ“ და ხომ არ არის სხვა ქმედებების დრო, რაზეც მილერმა აღნიშნა:
„მე ყოველთვის ვაფასებ პოლიტიკის ვარიანტებს, რომლებსაც გვთავაზობთ ამ ბრიფინგზე, მაგრამ ჩვენ ნათლად ვთქვით, რა არის ჩვენი პოლიტიკა და გავაგრძელებთ ამის ნათლად თქმას. ამ მომენტში წინასწარ არ განვიხილავ რაიმე ქმედებებს, რომლებიც შეიძლება, განვახორციელოთ“.