„ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელი ყველამ კარგად იცის, რაც დღევანდელ ბობოქარ მსოფლიოში შეიძლება ევროპის გადარჩენას მოასწავებდეს“ – უცხოური პრესა

ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) დღევანდელ, 9 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელი ყველამ კარგად იცის, რაც დღევანდელ ბობოქარ მსოფლიოში შეიძლება ევროპის გადარჩენას მოასწავებდეს“ (ავტორები – ქეთრინ დე ფრიზი, მილანის უნივერსიტეტის პროფესორი და იზაბელ ჰოფმანი, გერმანიის ბერტელსმანის ფონდის უფროსი ექსპერტი). მასში განხილულია ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური პერსპექტივა ევროპის პარლამენტის არჩევნების შემდეგ: დარჩება თუ არა იგი თავის თანამდებობაზე და თუ დარჩება, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირის განმტკიცების მიზნით, დღევანდელი კრიზისული პროცესების ფონზე.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

იმ დროს, როცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 400 მილიონი მოქალაქე ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მისაცემად ემზადება, საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა ყურადღება მიპყრობილი არის ევროკომისიის ხელმძღვანელისაკენ – თანაც ისე როგორც არასდროს.

გამოკითხვის თანახმად, ევროპელთა უმრავლესობამ იცის, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპის კომისიის პრეზიდენტია, რომელიც, თავის მხრივ, ევროკავშირის ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ორგანოს წარმოადგენს. ევროკომისიის წინა ხელმძღვანელები საზოგადოებისათვის ძირითადად უცნობ ადამიანებად რჩებოდნენ, ახლა კი ევროკავშირის მოსახლეობის 75% სწორად გამოთქვამს დღევანდელი ლიდერის სახელს და სახითაც კარგად იცნობს.  ხუთი წლის წინ, ურსულა ფონ დერ ლაიენის წინამორბედს – ჟან-კლოდ იუნკერს გამოკითხულთა მხოლოდ 40% თუ იცნობდა.

ევროკავშირის რეფორმირების აუცილებლობა სულ უფრო საჭირბოროტო ხდება. უკრაინაში და პალესტინაში (ღაზას სექტორში) მიმდინარე ბობოქარი ომების ფონზე, აგრეთვე აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობის გაუარესების პირობებში ევროკავშირს სულ უფრო მეტად ესაჭიროება ღრმა ინტეგრაცია თავდაცვის სფეროში, რიგი გეოპოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად. დღევანდელი ეკონომიკური და სავალუტო კავშირი მჭიდრო ფისკალური ინტეგრაციისა და საერთო ბაზრსი განმტკიცების გარეშე შეიძლება მყიფე და არასტაბილური აღმოჩნდეს. აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების უწყვეტად დანერგვა, რათა მომავალი თაობა ცხოვრების მაღალი დონით უზრუნველყოფილი იყოს. გარდა ამისა, ევროკავშირი, რომელიც დღეს 27 სახელმწიფოსაგან შედგება, გაფართოებას აპირებს და, სავარაუდოდ, წევრთა რიცხვი 30-მდე მოიმატებს.

ამასთან, ხელშემშლელია ის გარემოება, რომ ევროკავშირში დემოკრატიული ანგარიშვალდებულება სუსტი რჩება:  ევროპარლამენტის პირდაპირი არჩევნების მიმართ – ხუთ წელიწადში ერთხელ – ინტერესი და მასში მონაწილეობა დაბალია, არჩევნების შედეგებს მხოლოდ შეზღუდული გავლენა აქვს ევროპის კომისიაზე, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკას აყალიბებს და პრაქტიკულად ახორციელებს. თუმცა ახლა, როცა ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე პირველად 2019 წელს იქნა დანიშნული, მეორე ხუთწლიანი ვადით ბალოტირებს, მის წინაშე ახალი შესაძლებლობების ფანჯარა იღება. როგორც ცნობილია, ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტის დეპუტატების მიერ ინიშნება, თუმცა კანდიდატურებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები ასახელებენ.

ევროკავშირის მოსახლეობას კარგად ახსოვს კორონავირუს „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული ამბები და ევროკომისიის მიერ გადადგმული მტკიცე ნაბიჯები, ახლა კი ისინი რუსეთ-უკრაინის ომის მოწმენიც არიან. ეს ორივე კრიზისი ურსულა ფონ დერ ლაიენის პირველ 5-წლიან ვადას დაემთხვა, რის შედეგადაც მისმა ავტორიტეტმა, წინამორბედთაგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად მოიმატა. ევროპელმა ლიდერებმა ამ შესაძლებლობით უნდა ისარგებლონ.

რა თქმა უნდა, პერსონალიზებული სისტემის არსებობის დროს, ცნობადობისა და საზოგადოებრივი აღიარების პირობებში ნათელი ეფინება ადამიანების ნაკლოვანებებსაც, მათ შორის ურსულა ფონ დერ ლაიენის უარყოფით მხარეებსაც – მაგალითად, მის მიდრეკილებას იმოქმედოს პერსონალურად, მხოლოდ თვითონ. ეს გარემოება ევროკომიიის პრეზიდენტის მიმართ კრიტიკას აძლიერებს. ისრაელში დაუგეგმავი ვიზიტის დროს, 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ, მან ებრაული სახელმწიფოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. ალბათ, ასეთი ნაბიჯი მართებული იქნებოდა, იგი რომ აშშ-ის პრეზიდენტი ყოფილიყო, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიცია ამ საკითხში ერთნაირი არ აღმოჩნდა. ევროკავშირის მაღალჩინოსანი დიპლომატი ჯოზეპ ბორელი მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა ურსულა ფონ დერ ლაიენის მოქმედების მიმართ და განაცხადა, რომ იგი სხვების დაუკითხავად მოიქცა – გაბედა და ასეთ რთულ და პრობლემატურ საკითხზე ევროკავშირის სახელით ილაპარაკა.

უფრო მეტიც – ურსულა ფონ დერ ლაიენს თავისი მაღალი ავტორიტეტი შეიძლება სამტროდ შეუბრუნდეს და ნეგატიური როლი შეასრულოს ევროპარლამენტის არჩევნების დროს. თავის დროზე, ხუთი წლის წინ, როცა ევროპარლამენტის არჩევნებში სოციალ-დემოკრატების, კონსერვატიული და ლიბერალური პარტიების „დიდი კოალიცია“ მონაწილეობდა, მათ მხარი დაუჭირეს გერმანელი პოლიტიკოსის კანდიდატურას და ახლაც მის მხარეს დაიკავებენ, მაგრამ გასათვალისწინებელია შეცვლილი პოლიტიკური სიტუაცია. დღეს, ალბათ, ევროპარლამენტის შემადგენლობაში დავინახავთ უკიდურესად მემარჯვენე ძალებსაც და, შესაბამისად, ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს ერთიანება ისეთი მყიფე იქნება, როგორც არასდროს. ამას თავისი მიზეზები აქვს: ამომრჩევლები უკმაყოფილონი არიან თავიანთი ქვეყნების ლიბერალური ლიდერების მიმართ, რომლებიც კონტინენტის მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების მოგვარებაში უუნარობას იჩენენ. ეს გარემოება, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მემარჯვენე რადიკალური პოპულისტებისა და ნაციონალისტების ბლოკის შექმნას ახალ ევროპარლამენტში, რომლებიც ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგნი იქნებიან

თუმცა, რადგან ურსულა ფონ დერ ლაიენი, როგორც ცნობილია, გერმანელი ქრისტიან-დემოკრატებისა და ევროპის სახალხო პარტიის „წამყვან კანდიდატად“ ითვლება, ამიტომ მას გარკვეული გარანტიები აქვს – არსებობს საფუძვლიანი აზრი, რომ დეპუტატების უმრავლესობა მას ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე 2029 წლამდე დატოვებს. და თუ ამას ევროკავშირის ქვეყნების პრემიერ-მინისტრების თანხმობაც დაემატება, ურსულა ფონ დერ ლაიენს პოსტის შენარჩუნება განაღდებული აქვს.

ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ახალი მანდატით დაბრუნებულ ურსულა ფონ დერ ლაიენს თავისი ძველი წინამორბედის, ფრანგი სოციალისტის ჟაკ დელორის გამოცდილების გაზიარება მოუწევს, რომელმაც თავის დროზე ევროგაერთიანების რეფორმის გეგმა შეიმუშავა და ეს ორგანიზაცია მაასტრიხტის 1992 წლის ხელშეკრულების ხელმოწერამდე მიიყვანა. ურსულა ფონ დელ ლაიენსაც იგივენაირი ამბიციური რეფორმის გეგმის შემუშავება მოუწევს, რომელიც მოკლე და საშუალოვადიან მომავალში შეიძლება უკვე 30 ქვეყანაზე გავრცელდეს.

უეჭველია, რომ ამჟამინდელ 27-წევრიან ევროკავშირში რეფორმის განხორციელება უფრო რთულია, ვიდრე ჟაკ დელორის დროინდელ 11-წევრიანში, მაგრამ დელორისაგან განსხვავებით, ფონ დერ ლაიენს შეუძლია განაცხადოს, რომ მას მხარს უჭერენ ევროპელი ამომრჩევლები, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

იმის ნაცვლად, რომ მომდევნო კრიზისს დაელოდნონ, ევროპელმა ლიდერებმა აუცილებელია ახლავე შეიმუშაონ და მოიწონონ ევროკავშირის რეფორმირების გეგმა, ორგანიზაციის შემდგომი განმტკიცების მიზნით. მით უმეტეს, რომ მათ, დიდი ალბათობით, გავლენიანი და ავტორიტეტიანი ევროკომისიის თავმჯდომარე ეყოლებათ.

თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ურსულა ფონ დერ ლაიენს მხარს დაუჭერენ, ევროპის კონტინენტის მომცველი ორგანიზაციის განმტკიცება გარანტირებული იქნება. ეს ძალზე აუცილებელია დღევანდელი მშფოთვარე მსოფლიოსათვის.

წყარო

 

მოამზადა – სიმონ კილაძემ