საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას ავლენენ და საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
მისი თქმით, ევროკომისია მოელის, რომ საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს იმ ზომების მისაღებად, რომელთა გატარების ვალდებულება იკისრა, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ.
„ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას ავლენენ. საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს. ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. საქართველოს მოსახლეობას თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს. ევროპულმა საბჭომ ეს მისწრაფებები რომ აღიარა, დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და დასახა მკაფიო გზა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. მოველით, რომ საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს იმ ზომების მისაღებად, რომელთა გატარების ვალდებულება იკისრა, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ. საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს”,- აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.