ომის „ხორცსაკეპში“ რუსებისა და უკრაინელების მსხვერპლი სულ უფრო იზრდება – რას წერს „ვაშინგტონ პოსტი“

„რუსეთის არმიის წარმატებული მოქმედება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში – დონბასში მიმდინარე ბრძოლებში – უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არსებულ პრობლემებს მთლიანად აშიშვლებს“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „ომის „ხორცსაკეპში“ რუსებისა და უკრაინელების მსხვერპლი სულ უფრო იზრდება“ (ავტორი – იშან თჰარური). კიევს იმედი აქვს, რომ დამატებითი ამერიკული დახმარება ბრძოლის ველზე სიტუაციის გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს, მაგრამ თუ უკრაინის არმია ცოცხალი ძალის რაოდენობაში რუსეთზე უპირატესობის მოპოვების პრობლემას ვერ მოაგვარებს, მას დახმარების დამატებითი პაკეტი ვერაფერში ვერ უშველის“, – აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

სანამ უკრაინელები აშშ-ის დაპირებულ დახმარებას ელოდება, რუსეთის ჯარი თავის რაოდენობრივი და შეიარაღებითი უპირატესობის გამოყენებას ცდილობს და, სხვათა შორის, ბრძოლის ველზე წარმატებებსაც აღწევს.

აპრილის ბოლო დღეებში რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა დონბასში, ქალაქ ავდეევკას დასავლეთით განვითარებული შეტევის შედეგად, სამი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი დაიკავეს, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში შექმნილ ღრმა პრობლემებს მოწმობს. დღეს უკრაინელები იძულებულნი არიან აწონ-დაწონონ – „არის თუ არა საჭირო მრავალრიცხოვანი ცოცხალი ძალის მსხვერპლად შეწირვა მცირე ტერიტორიის შესანარჩუნებლად“.

კიევს იმედი აქვს, რომ ამერიკული 61 მილიარდიანი დახმარება, რომელიც, დიდი ხნის გაჭიანურებისა და პოლიტიკური დებატების მიუხედავად, აშშ-ის კონგრესმა მაინც დაამტკიცა, ბრძოლის ველზე მდგომარეობას უკრაინის არმიის სასიკეთოდ შეცვლის, მაგრამ სამწუხაროდ, ჯარს დიდი შინაგანი პრობლემა აქვს, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს არ ჩანს: ადამიანთა რესურსების მწვავე უკმარისობა, რომლის მნიშვნელობა ყოველდღიურად მატულობს. და თუ ის ვერ გადაწყდება, ამერიკული დახმარება „წყალში გადაყრილი შეიძლება აღმოჩნდეს“.

დანაკარგების თვალსაზრისით ამჟამად სიტუაცია ძალზე მძიმეა ორივე მხარისათვის. რუსეთის არმიის სარდლობა წინა ხაზზე ათასობით სამხედრო მოსამსახურეს გზავნის, რომლებიც ხშირად ცუდად არიან გაწრთვნილნი და ამიტომ დანაკარგები დიდია. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ რუსები უფრო კარგად მარაგდებიან საბრძოლო მასალებით და მათი ავიაცია და არტილერია აქტიურობს. შესაბამისად, ჭურვებისა და ბომბების წვიმის შედეგად უკრაინელი ჯარისკაცებიც ბევრი იღუპება.

შეიძლება ითქვას, რომ „ხორსაკეპის პრაქტიკა“, რომელიც ბახმუტში დაიწყო და ავდეევკაში გაგრძელდა, ახლაც მოქმედებს – შოკის მომგვრელი დანაკარგების სახით ორივე მხარისთვის.

ჯერ-ჯერობით არ არსებობს მეტ-ნაკლებად ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული. უკრაინა აცხადებს, რომ მას ცოტა ჯარისკაცი ეღუპება, რუსეთს კი ბევრად მეტი – მაგალითად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამას წინათ განაცხადა, რომ რუსეთმა ნახევარი მილიონი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, მათგან 180 ათასი ბრძოლის ველზე იქნა მოკლული. ამ ციფრების გადამოწმება ძალიან ძნელია, რადგან კრემლი დაღუპულ-დაჭრილების რაოდენობას არ აქვეყნებს. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ კრემლი შეურიგდა საოცარ დანაკარგებს.

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების საქმეთა სახელმწიფო მინისტრის ლეო დაგერტის მოხსენების თანახმად, რუსეთის არმიის სამხედრო ტექნიკის დანაკარგები ასეთი სახით გამოიყურება: 10 ათასი ტანკი და ჯავშანმანქანა, 109 რეაქტიული თვითმფრინავი, 136 ვერტმფრენი, 346 სტრატეგიული დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი), 23 სამხედრო გემი და 1500 საარტილერიო სისტემა (ქვემეხები, საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და ა.შ.).

რაც შეეხება უკრაინას: ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დაწყების დროიდან უკრაინამ მხოლოდ 31 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. აშკარაა, რომ პრეზიდენტის განცხადება სიცრუეა. დასავლელი ექსპერტების შეფასებით, კიევს მინიმუმ ორჯერ მეტი დაღუპული ჰყავს. უკრაინის მოსახლეობა რუსეთზე ბევრად ნაკლებია და შესაბამისად, კიევს ცოცხალი ძალის რესურსები ნაკლები აქვს, ის ვერ გაუწევს კონკურენციას მოსკოვს.

კაცმა რომ თქვას, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის არმიისაგან მიმდინარე წელს რაიმე წარმატების მიღწევას არც ელოდება. ამერიკელი პოლიტიკოსები თავშეკავებულად საუბრობენ, თუ როგორ განვითარდება ომი 2024 წლის დასასრულამდე და უბრალოდ, იმედი აქვთ, რომ კიევი ასე თუ ისე შეინარჩუნებს ამჟამინდელ თავდაცვის ხაზს და შესაძლოა სამომავლოდ ახალი კონტრშეტევისათვის მოემზადოს, თუ 2025 წლისათვის აშშ-ში უკრაინის დახმარების ხელშემწყობი პოლიტიკური სიტუაცია იქნება. 

„მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინა მომგებიან მდგომარეობაში იმყოფება. ვერ ვიტყვი, როდის დაიბრუნებს კიევი მნიშვნელოვან ტერიტორიებს – წლის ბოლომდე თუ გაისად“, – ამბობს ერთ-ერთი ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტთან საუბრის დროს.

 

წყარო

 

მოამზადა – სიმონ კილაძემ