ჩვენ კმაყოფილები ვართ, რაც დავისახეთ მიზნად და ბოლო წლების განმავლობაში ვიმუშავეთ ამ მიმართულებით, შედეგი დევს, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ მადრიდის სამიტის შეფასებისას განაცხადა.
„პირველ რიგში, ჩემი აზრით, უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო წარმატებული სამიტი საქართველოსთვის, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული წინ ჩვენი ქვეყნის ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ისევე როგორც ალიანსის ღია კარის პოლიტიკის გათვალისწინებით და ამავე დროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით, რომელიც აუცილებლად უნდა მიესადაგოს და ადაპტირება განიცადოს ახალ რეალობასთან და რა თქმა უნდა, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის პარალელურად“, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
მისივე თქმით, მადრიდის სამიტზე მიღებულ ყველა დოკუმენტში ერთმნიშვნელოვნად არის გაწერილი, რომ ღია კარის პოლიტიკა ნარჩუნდება, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით.
„მინდა გითხრათ, რომ ყველა დოკუმენტში, სამივე ძირითად დოკუმენტში, რომლებიც შეეხება დეკლარაციას სახელმწიფო მეთაურთა დონეზე, ისევე როგორც გაძლიერებულ დახმარებას საქართველოსთან მიმართებით და ბოლოს, ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანს, ყველაზე გრძელვადიან დოკუმენტს, ნატო-ს ახალი, ადაპტირებული სტრატეგიული კონცეფციის თაობაზე, ყველგან ერთმნიშვნელოვნად არის გაწერილი, რომ ღია კარის პოლიტიკა ნარჩუნდება, მათ შორის ასპირანტ ქვეყნებთან და მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, მათ შორის ალიანსის წარმომადგენლებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენი მხარდაჭერა, გაძლიერებული იყოს საქართველოს მედეგობა, გლობალურ საფრთხეებთან გამკლავების უნარი. ამიტომ ჩვენ კმაყოფილები ვართ, რაც დავისახეთ მიზნად და ბოლო წლების განმავლობაში ვიმუშავეთ ამ მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ შედეგი დევს, მაგრამ ახლა, რა თქმა უნდა, ჩვენი უმთავრესი მიზანი არის გაწევრიანება, სრულფასოვანი წევრობა, რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.