ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, ვფიქრობთ, რომ ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილეს პრესკონფერენციაზე კითხვა ჟურნალისტმა, რუსა შელიამ დაუსვა: „დღეს ევროპარლამენტმა ხმა მისცა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შეჩერებას, ვიდრე კანონპროექტი არსებობს და ასევე მოუწოდა ევროკავშირს და ყველა დასავლელ პარტნიორს, განიხილონ სანქციების დაწესება. არის თუ არა ეს ინფორმაცია სერიოზული მსჯელობის საგანი კონგრესში, როგორ უნდა მოახდინოთ რეაგირება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე. შეგიძლიათ დაადასტუროთ ეს ან გვითხრათ, ნამდვილად სერიოზული დისკუსიები გაქვთ კონგრესთან ამ საკითზე?“.
„არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას რაიმე კონსულტაციებზე კონგრესში, თუმცა გეტყვით, რომ ამ კანონპროექტზე უკვე რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია. ჩვენ ვხედავთ მსგავს კანონპროექტს კრემლში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, სადაც ავიწროებენ მედიაორგანიზაციებს, ავიწროებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ვფიქრობთ, რომ ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა, რაც არის ის, რაც საქართველომ თავად განაცხადა, რომ ასეთი მომავლით დაინტერესებულია“,- განაცხადა ვედანტ პატელმა.