„დინამო თბილისი” მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად ყველა იმ ღირებულების თუ იდეის სადარაჯოზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის და ერთიანობის იდეის საფუძველია, – ამის შესახებ „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი რომან ფიფია განცხადებაში წერს და ეხმაურება, საქართველოს პრემიერ – მინისტრის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობას უნდოდა „დინამოს“ ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა და რომ “ეს არის დამოკიდებულება, რაც ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინებაა, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა”.
ფიფია იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, განცხადების გაკეთების მომენტში არ ფლობდა შესაბამის ინფორმაციას, იმ საქმეებთან თუ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც „დინამო თბილისში“ მისი მმართველობის პერიოდში განხორციელდა და აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის ასეთი შეფასება, მხოლოდ და მხოლოდ არასაკმაირისი ინფორმაციით შეუძლია ახსნას.
რომან ფიფია განცხადებაში საუბრობს იმ მიღწევებზე, რომელიც “დინამო თბილისში” მისი მმართველობის პერიოდს უკავშირდება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, “დინამო თბილისზე” და პირადად ჩემზე საუბარის შემდეგ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას გავუზიარო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც “დინამო თბილისში” ჩემი მმართველობის პერიოდს უკავშირდება.
პირველ რიგში, მსურს ხაზგასმით ვთქვა, რომ მე ჩემს ქვეყანაში არავის ჩამოვუყვანივარ, მითუმეტეს არც ერთ პოლიტიკურ თუ მმართველ ძალას. საქართველოში ბიზნეს საქმიანობა ჯერ კიდევ 1997 წლიდან დავიწყე და ასე გრძელდება “დინამო თბილისის” შეძენამდეც, წლების განმავლობაში.
რაც შეეხება საფეხბურთო საქმიანობას და მის დასაწყისს – სრულიად განადგურებული ინფრასტრუქტურა და საკლუბო სტრუქტურა ჩვენ ჩავანაცვლეთ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ინფრასტრუქტურით, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბით.
დავაფუძნეთ ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია, რომლის გახსნაშიც მონაწილეობა ოქროს ბურთის ორმა მფლობელმა, კრიშტიანუ რონალდუმ და ანდრეი შევჩენკომ, საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელ კახა კალაძესთან ერთად მიიღო.
დავაფუძნეთ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი, რომლის ფარგლებშიც პირველად მიიქციეს მედიის და გულშემატკივრის ყურადღება გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, ირაკლი აზაროვმა, ზურიკო დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ანზორ მექვაბიშვილმა, ლუკა გაგნიძემ, გიორგი აბუაშვილმა და ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების გამორჩეულმა წარმომადგენლებმა.
2015-2023 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში “დინამო თბილისის” აღზრდილმა 21-მა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც არა მხოლოდ ლოკალური, არამედ ევროპული მასშტაბითაც ერთ-ერთი მოწინავე მაჩვენებელია.
მხოლოდ გასულ, 2023 წელს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში “დინამო თბილისის” აღზრდილმა 60-ზე მეტმა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
“დინამო თბილისის” აკადემიის ინიციატივით, რეგიონებში ხორციელდება პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ნიჭიერი მოზარდებისა და მწვრთნელების აღმოჩენას და წახალისებას. პროექტი 10-ზე მეტ რეგიონში, 20-ზე მეტ მუნიციპალიტეტში მოქმედებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივი საფეხბურთო კულტურის განვითარებაში.
წლების განმავლობაში შესაძლებლობა მივეცით საუკეთესო ქართველ და გამორჩეულ უცხოელ მწვრთნელებს, შევუქმენით ყველანაირი პირობა და სამჯერ ვითამაშეთ უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე. ამ პერიოდში, 6-ჯერ მოვიპოვეთ ქვეყნის ჩემპიონობა, 4-ჯერ დავით ყიფიანის საქართველოს თასი, ხოლო 4-ჯერ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი.
“დინამო თბილისი” არის სახალხო კლუბი, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად ყველა იმ ღირებულების თუ იდეის სადარაჯოზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის და ერთიანობის იდეის საფუძველია.
ჩვენი დამოკიდებულება და პატივისცემა გამოხატულია 9 აპრილის, იუნკერების ხსენების, აგვისტოს ომისა თუ სოხუმის დაცემის დღეს ფეხბურთელებისა და მთელი კლუბის სახელით შესაბამის ცერემონიებში მონაწილეობაში. ჩვენ, ასევე ერთგულად და ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული.
ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაო უკვე ისტორიის ნაწილია, რომელიც ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების შედეგებთან, უამრავი ვარსვკლავისთვის გზის გაკვალვასთან ასოცირდება და მათი განცალკევება და ერთმანეთთან დაშორება ვერ მოხერხდება.
“დინამო თბილისის” მმართველობის 15 წლის თავზე, 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ( მათ შორის 20 მილიონი ლარის ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდა) და გაწეული შრომა, არცერთი წამით არ მინანია და ამაყი ვარ ყველა იმ მიღწევით, რომელსაც წინააღმდეგობების თუ პრობლემური სიტუაციების მიუხედავად, ერთად შევძელით.
მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, განცხადების გაკეთების მომენტში არ ფლობდა შესაბამის ინფორამციას, იმ საქმეებთან თუ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც “დინამო თბილისში” ჩემი მმართველობის პერიოდში განხორციელდა და მისი ასეთი შეფასება, შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ არასაკმაირისი ინფორმაციით ავხსნა”, – წერს ფიფია განცხადებაში.