„დასავლეთის დაპირება, რომ იარაღს და საბრძოლო მასალებს მოგვცემს, უკვე არადამაჯერებლად ჟღერს. ოთხი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემმა საარტილერიო ქვედანაყოფმა უკანასკნელი ჭურვი გაისროლა“, – შემომჩივლა ერთ-ერთმა არტილერისტმა ფრონტის წინა ხაზზე ყოფნისას.
პრობლემა მხოლოდ იმით არ გამოიხატება, რომ უკრაინის არმიას ჭურვები, რაკეტები და სხვა საბრძოლო მასალები უთავდება. დასავლეთის მხრიდან დახმარების მიწოდების დაგვიანება იმასაც ნიშნავს, რომ ქვეყანას კატასტროფულად აკლდება უფრო რაღაც მნიშვნელოვანი, უფრო მთავარი, ვიდრე ჭურვებით უზრუნველყოფა წარმოადგენს: საბრძოლო სულისკვეთება, რომელიც აუცილებელია გამარჯვებისათვის“, – წერს ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა დამარცხებისაკენ მიექანება: დასავლეთის უუნარობა კიევისათვის იარაღით უზრუნველყოფაში ვლადიმერ პუტინს ომში მოგებისათვის ეხმარება“ (ავტორი – ჯეიმი დეტმერი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
უკრაინელი ჯარისკაცის მორალური სული დათრგუნულია მუდმივი დაბომბვებით, თანამედროვე იარაღის ნაკლებობით და ბრძოლის ველზე განცდილი დანაკარგებით. ქალაქებში, რომლებიც ფრონტიდან ასობით კილომეტრზე მდებარეობენ, ვეღარ დაინახავთ ახალგაზრდებს, რომლებიც სამხედრო გაწვევის პუნქტებში რიგებს იკავებდნენ არმიაში სამსახურის მიზნით. ის სიტუაცია, რომელიც ორი წლის წინ იყო, დღეს კარდინალურად არის შეცვლილი: ჯარში გასაწვევი ახალგაზრდები მასობრივად თავს არიდებენ სამხედრო სამსახურს და დროს ფარულად ღამის კლუბებში ატარებენ ან საზღვარგარეთ გარბიან
უკრაინულ საზოგადოებაში, სამხედრო და პოლიტიკურ წრეებში შექმნილი უპერსპექტივობისა და დეპრესიული განწყობის კვალობაზე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა კატასტროფისაკენ მიექანება.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს – ხელისუფლება ცდილობს უკან არ დაიხიოსო, სამხედროები კერძო საუბრებში აღიარებენ, რომ ზაფხულში ახალი დანაკარგები და წარუმატებლობა გარდაუვალია. გასარკვევი მხოლოდ ისაა, თუ რამდენად მძიმე და სერიოზული იქნება ეს დანაკარგები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვლადიმერ პუტინი ისე ახლოა მიზნის შესრულებასთან როგორც არასდროს.
და ამ დროს კიევს იმდენი პრობლემები აქვს დაგროვილი, რომ უკვე მათი მოგვარება შეუძლებელია. მოსახლეობაში და ოფიციალურ წრეებში უიმედობა და აპათია თანდათან ძლიერდება.
დღეს დასავლეთის დაპირება კიევისადმი, რომლის სულ რაღაც ერთი წლის წინათ ომახიანად ჟღერდა – „დაგეხმარებით იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება“ – უკრაინელებს უკვე ცარიელ სიტყვებად მიაჩნიათ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ სიტუაციაში, რაც დრო გადის, ხდება უარესი: უკრაინელ მეომრებს საბრძოლო სულისკვეთება უქრებათ, მათ გამარჯვების იმედი უმცირდებათ.
ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ ბოლო დროს ისეთი ოფიციალური პირები, როგორებიც არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ალექსანდრე სირსკი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და თვითონ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც კი საჯაროდ აღიარებენ – ქვეყანა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და დასავლეთის დახმარების გარეშე დამარცხებისათვის არის განწირული.
ფრონტზე ადამიანები იხოცებიან, ფრონტისაგან მოშორებით მცხოვრები უკრაინელები კი ცდილობენ ყურადღება არ მიაქციონ ომს და იმის ნატვრაში არიან, როგორმე ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. სწორი იყო აწ უკვე პოსტიდან გადამდგარი გენერალი ვალერი ზალუჟნი, როცა უკრაინის ხელისუფლებას აფრთხილებდა – ვითარება გაუარესდებაო.
მმართველი პარტია კრიტიკულ განწყობას ახშობს, მაგრამ ასეთი მოქმედება პრეზიდენტსა და მის გუნდს გამარჯვებაში ვერ დაეხმარება.
დასავლეთს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა იმედი, რომ რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციებით „კისერს მოუგრეხდა“ და კრემლს დაიმორჩილებდა. დასავლეთი ასევე ცდილობდა სასურველი სინამდვილედ გაესაღებინა – იმედოვნებდა, რომ კრემლში „სასახლის გადატრიალება“ მოხდებოდა და ვლადიმერ პუტინის რეჟიმი უფრო შედარებით ლიბერალური ხელისუფლებით შეიცვლებოდა. ფაქტი ჯიუტია: ბრიუსელი, ვაშინგტონი, პარიზი და ლონდონი მწარედ შეცდნენ – რუსეთის ეკონომიკა მდგრადი დარჩა და ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლება უფრო განიმტკიცა.
დიახ, ომის დაწყების წინ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა მართლაც შეცდომაში იქნა შეყვანილი თავისი დაზვერვის ხელმძღვანელის მიერ, რომ ომი ხანმოკლე იქნებოდა და რომ რუსეთი სწრაფად მიაღწევდა გამარჯვებას. მაგრამ ვლადიმერ პუტინს ლოდინი შეუძლია – გასულ თვეში მან კიდევ ერთხელ გაინაღდა პრეზიდენტობის ექვსწლიანი ვადა. მას შეუძლია ჩიხურ სიტუაციასაც შეურიგდეს: თუ უკრაინა გამარჯვებასა და დამარცხებას შორის „გაიჭედება“, მაგრამ დაშორებული იქნება ნატოს და ევროკავშირს, კრემლისათვის ასეთი ვითარებაც გამარჯვების ტოლფასია.
როგორ გავლენას მოახდენს ჩიხში შესული ომი უკრაინის მდგომარეობაზე? უკვე ვთქვი, რომ სამხედრო გაწვევის პუნქტებში ახალგაზრდები ნებაყოფლობით აღარ მიდიან და ძალით მიჰყავთ. კიდევ ერთი ფაქტი ამასთან დაკავშირებით: თუ ორი წლის წინ ევროპისაკენ მიმავალი მატარებლებს და ავტობუსები მთლიანად ქალებით, ბავშვებით და მოხუცებით იყო სავსე, ახლა იმავე მატარებლებისა და ავტობუსების მგზავრთა ერთი მესამედი ჯარში გასაწვევი ასაკის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც რაღაც მანქანებით საზღვარგარეთ წასვლის ნებართვა მიიღეს.
კიევში, „ბანკოვაიას“ ქუჩაზე მდებარე ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო ოფისში მყოფი ჩინოვნიკები გარეგნულად ოპტიმისტურად და პოზიტიურად არიან განწყობილნი, მაგრამ კონფიდენციალურ საუბრებში აღიარებენ, რომ ჯაი ბაიდენის 60-მილიარდიანი დახმარების გარეშე რუსეთთან ბრძოლას დიდხანს ვერ გაუძლებენ.
რას გააკეთებს ვლადიმერ პუტინი, თუ უკრაინა იმდენ დასავლურ დახმარებას ვერ მიიღებს, რამდენიც კიევს გამარჯვებისათვის ჭირდება? „იგი ყველაფერს გაანადგურებს, რაიმე გამონაკლისის გარეშე“, – განუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axel Springer-ის ჟურნალისტებს ინტერვიუში, – უკრაინული ქალაქებისაგან მხოლოდ ნანგრევები დარჩება, ასეულ ათასობით ადამიანი დაიხოცება“. ასეთია უკრაინის ლიდერის პროგნოზი, თუ როგორ იმოქმედებს მისი რუსი კოლეგა გამარჯვების შემთხვევაში.
მოამზადა – სიმონ კილაძემ