ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ახალი ოთხფეხა მცველები შეემატნენ – 4 გერმანული ნაგაზის ჯიშის ძაღლი – რენე, ენცო, მია, ჰანსი და 4 ბელგიური ჯიშის ძაღლი – სტელლა, მო, დიჯი, ჰანნა.
აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, კინოლოგიის სამსახური, რომელიც უწყებაში 2014 წელს ჩამოყალიბდა შექმნის დღიდან, აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან, რათა სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული გამოცდილების გაზიარებით მოხდეს მაქსიმალურად ეფექტური კინოლოგ-ოფიცერთა გუნდის შექმნა. მიმდინარე წლის ზაფხულში კინოლოგიის ცენტრი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.
„საქართველოს მასშტაბით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ-ოფიცრები და ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ასევე მათი პრეკურსორებისა და კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაზე სპეციალურად გაწვრთნილი 31 ძაღლი ახორციელებს.
თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კინოლოგიის ცენტრი ყოველწლიურად უფრო და უფრო ვითარდება და სამსახურებრივი ძაღლებისთვის ახალი კეთილმოწყობილი სივრცეები შენდება. საპროექტო სამუშაოების ფარგლებში, სრულად განახლდა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე – „წითელი ხიდი“ და „სადახლო-საავტომობილო“ ძაღლებისთვის განკუთვნილი ვოლიერები და ინფრასტრუქტურა, სადაც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ სამსახურებრივ მოვალეობას და იცავენ საბაჟო საზღვარს. სწორედ, მათ უკავშირდებათ არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებებისა და კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენა. უდიდესი მადლობა მათ ერთგული სამსახურისთვის!“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.