ჩვენ ძალიან პროგნოზირებადი პოლიტიკური ჯგუფი ვართ. კვოტების შემთხვევაში, წლებია, ერთსა და იმავე პოზიციაზე ვართ. ჩვენი პრინციპები საჯაროა და ჩვენ ამ პრინციპებს ვიცავთ ყოველდღიურად პოლიტიკურ ცხოვრებაში. მოხარული ვარ, რომ ამ პარლამენტში მოხდა საჯარო შეთანხმება გასაგები პირობებით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ალექსანდრე რაქვიაშვილის განმარტებით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმება, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური პარტიები ვალდებული არ იქნებიან, საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად, „პოლიტიკური ვაჭრობის“ კარგი მაგალითია.
„მთელი ოპოზიცია საუბრობს, რომ კოალიციური მთავრობაა და რა არის კოალიცია, თუ არა პოლიტიკური ვაჭრობა? სიტყვა „ვაჭრობას“ ცუდი კონოტაცია აქვს. ნუთუ ასე ჩარჩა ჩვენი საზოგადოება ან პოლიტიკოსების ნაწილი კომუნიზმში, რომ სიტყვა „ვაჭრობას“ ცუდად იყენებთ? კოალიცია ნიშნავს, რომ თქვენ თმობთ რაღაც პოზიციებს, იმას, რაც მეორე მხარისთვის მნიშვნელოვანია, სანაცვლოდ, იღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხს და ეს არის სწორი პოლიტიკური ქცევა, მით უმეტეს, როცა ეს ხდება საჯაროდ. შეთანხმება, რომელიც „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შედგა, არის „პოლიტიკური ვაჭრობის“ კარგი პრეცედენტი“,- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკური ვაჭრობის წინააღმდეგ ვინც გამოდის, მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება.