“სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არ აქვს არჩევნებზე საუბრის მორალური უფლება, რადგან ვეტოს გამოყენებით პირდაპირ მხარს უჭერდა ცესკო-ში ჩიხის შენარჩუნებას”

სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკო-ს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტს საერთოდ არ აქვს მორალური უფლება საუბრობდეს არჩევნებზე, რადგან ის თავისი ვეტოთი პირდაპირ მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

„გახსოვთ, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად, რატომ? იმიტომ, რომ კალანდარიშვილს თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა. შესაბამისად, ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს ხვდებოდეს კალანდარიშვილს, ეს ერთი და მეორე – მას საერთოდ არ აქვს მორალური უფლება, საუბრობდეს არჩევნებზე, რადგან თავის ვეტოთი პირდაპირ მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს სალომე ზურაბიშვილი და ეს სპეკულაციებიც, რომელსაც შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი ემიგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის სპეკულაციური კამპანია. ამ კამპანიას შეუერთდა დღეს კიდევ ერთხელ სალომე ზურაბიშვილი. ესეც აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი თვითმიზანი არის, რომ რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს, რასაც ის ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.