ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დალურჯებული სახეები, შეხვეული თავები და ბრალის აღიარება: მოსკოვური სასამართლოს მსჯავრი ტერაქტის ჩამდენთა მიმართ // რატომ სძულს რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოს?“, რომელშიც განხილულია „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერორისტული აქტის გარემოებები.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
მოსკოვის ახლოს მდებარე საკონცერტო კომპლექსში – „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებულ ოთხ ეჭვმიტანილს – დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდს, მუჰამადსობირ ფაიზოვს და შამსუდინ დარიდუნს – ორი თვით წინასაგამოძიებო პატიმრობა მიუსაჯეს – მათ ბრალი წაუყენეს ტერაქტის განხორციელებაში, ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობით. მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ განაცხადა, რომ მათ მთლიანად აღიარეს თავიანთი დანაშაული. ოთხივეს ეტყობოდა ცემის კვალი.
რა ხდებოდა სასამართლოს დარბაზში
დალერჯონ მირზოევი, ბრალდებული „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტში, სასამართლოს წინაშე დალურჯებული სახით წარსდგა. გამომძიებელმა, პირველი კითხვების შემდეგ, სხდომის დახურვა მოითხოვა, „რადგან ღია სხდომაზე შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოება გამჟღავნდეს“. მუროდალი რაჩაბალიზოდი დარბაზში სახეახვეული მიიყვანეს: იგი მოსამართლის კითხვებს ტაჯიკურ ენაზე პასუხობდა, თარჯიმნის მეშვეობით. მან თქვა, რომ 30 წლისაა, ჰყავს ოჯახი, რეგისტრირებულია რუსეთში. მუჰამადსობირ ფაიზოვი სხდომაზე ეტლით მიიყვანეს – ისე იყო ნაცემი, რომ სიარული აღარ შეეძლო.
როგორ მოხდა ეჭვმიტანილთა დაკავება
ოთხი ეჭვმიტანილი „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის ჩადენის შემდეგ, ავტომანქანაში ჩასხდნენ და გეზი მოსკოვიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ აიღეს, მაგრამ ისინი ბრიანსკის ოლქში, უკრაინის საზღვართან ახლოს დააკავეს. ერთ-ერთ რუსულ წყაროში გავრცელდა ვიდეოკადრები, თუ როგორ აჭრიდნენ მას ყურს დაკავების დროს და პირში ჩრიდნენ.
როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოკადრში ჩანს, ეჭვმიტანილი აღიარებს, რომ ტერაქტი ფულის გამო ჩაიდინეს – მათ თითოეულს ნახევარი მილიონი რუბლი აღუთქვეს. კიდევ ერთი კადრის თანახმად, ეჭვმიტანილებს ელექტროდენითაც აწამებდნენ.
სულ ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი.
„ისლამური სახელმწიფო“ თუ?…
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ვერსიით, „ბოევიკებს“ მიმალვა უკრაინაში ჰქონდათ დაგეგმილი, ამიტომაც ისინი ავტომანქანით სახელმწიფო საზღვრისაკენ მიემართებოდნენ, მათთვის გამზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვარზე გადასასვლელად. კონკრეტულად ვინ და რომელი ძალა იდგა მათ უკან, რუსეთს არ დაუსახელებია. უკრაინამ კრემლის მინიშნება, რომ ტერაქტში კიევიც არის ეჭვმიტანილიო, კატეგორიულად უარყო.
ოფიციალურად ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ – მისმა ავღანურმა ფილიალმა „ხორასანმა“, რომელმაც ტერაქტის ამსახველი შესაბამისი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. მათში კარგად ჩანს, რომ ტერორისტთა ჩაცმულობა იდენტურია იმ კადრებში ასახულია, რომლებიც რუსულმა „ეფესბემ“ გაავრცელა. ეს გამორიცხავს რუსული სპეცსამსახურის სიყალბეს: სხვათა შორის, ზოგიერთი კომენტატორი ეჭვობდა, რომ „ეფესბეს“ ნამდვილი ტერორისტები არ დაუკავებიაო.
რატომ განახორციელა „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავდასხმა?
კატარის ტელეარხის „ალ-ჯაზირაას“ აზრით, ბოლო წლებში „ისლამური სახელმწიფო“ თავის პროპაგანდაში რუსეთს მუსლიმანების მწვალებლად თვლის – მაგალითად, სირიაში. იმის გამო, რომ „ხორასნელები“ ავღანელ თალიბებს თავიანთ მტრად თვლიან, მათ არ მოსწონთ კრემლის პოლიტიკა, რომელიც თალიბებთან დაკავშირებას ცდილობს“, – ამბობს ამირ ჯადუნი, კლემსონის ამერიკული უნივერსიტეტის დოცენტი, „ალ -ჯაზირასთან „საუბარში.
როგორც ამერიკული გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal) წერს სტატიაში „დასავლეთთან და ავტორიტარულ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში „ისლამური სახელმწიფოსათვის“ ყველა სამიზნეს წარმოადგენს“ (ავტორები – იაროსლავ ტროფიმჩუკი და სუნ რასმუსენი), „სანამ აშშ, ევროპა, რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთს ედავებიან და ომისათვის ემზადებიან, მათ წინააღმდეგ ომს უკვე აწარმოებს „ისლამური სახელმწიფო“, რომლისთვისაც სულ ერთია, თუ ვის დაესხმება. მისთვის ისინი ყველა ისლამის მტრები არიან და ყველა განადგურდება. მთავარია, რომ მისმა თავდასხმამ რეზონანსი გამოიწვიოს“.
ავტორების თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ რუსეთი სძულს. 2015 წელს დაჯგუფებამ პასუხისმგებლობა აიღო ეგვიპტიდან გამოფრენილი რუსული თვითმფრინავის კატასტროფაზე, რომლის ბორტზე 224 მგზავრი იყო. 2022 წელს „ისლამური სახელმწიფო“ თავს დაესხა ქაბულში არსებულ რუსეთის საელჩოს, რომლის დროსაც ორი რუსი დიპლომატი და ოთხი ავღანელი დაიღუპა.
კრემლის მიმართ „ისლამური სახელმწიფოს“ ისტორიული პრეტენზიებია ჩეჩნეთისა და ავღანური ომების წარმოება. ისლამისტების განრისხებას იწვევს აგრეთვე რუსეთის ჩართვა სირიის ომში და დასავლეთ აფრიკულ კონფლიქტში.
როგორც „უოლ სთრით ჯორნელის“ ჟურნალისტები აღნიშნავენ, უკრაინის ომის დაწყების გამო ისლამისტები სულ უფრო იოლად იბირებენ თავიანთ რიგებში იმ შუააზიელ მიგრანტებს, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან და მუშაობენ, მუშახელის ნაკლებობის გამო (მობილიზაციისა და ფრონტზე განცდილი დანაკარგების მიზეზით). მიგრანტები, რადგან ისინი ხშირად ცუდად ლაპარაკობენ რუსულად, მათ კარგად არ ექცევიან, პოლიცია ჩასაფრებებს უწყობს, იჭერენ და ფრონტზე უკანონოდ გზავნიან.
„რუსეთის ხელისუფლება მიგრანტებს მკაცრად ექცევა, რაც, ბუნებრივია, ხელს უწყობს მათ რადიკალიზებას“, – ციტირებს გაზეთი ვაშინგტონში ყირგიზეთის ყოფილი ელჩის ყადირ ტოქტოგულოვის ნათქვამს.