გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
როგორც BBC-ი წერს, აშშ-მა შეცვალა საკუთარი პოზიცია, თავი შეიკავა რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა დოკუმენტს ვეტო არ დაადო.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14 წევრმა. დოკუმენტში ჩაწერილია მოწოდება, რომ ღაზის სექტორში ცეცხლი შეწყდეს მუსლიმების წმინდა თვის, რამადანის პერიოდში. რამადანის დასრულებამდე ორი კვირა რჩება.
7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაზე საპასუხოდ ღაზის სექტორში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნას შეიცავს. მანამდე აშშ ბლოკავდა ნებისმიერ დოკუმენტს, რომელშიც ტერმინი „ცეცხლის შეწყვეტა“ იყო ნახსენები.
რეზოლუციის მიღებამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გააუქმებს მრჩევლების ვიზიტს ვაშინგტონში, თუ აშშ დღეს დაგეგმილ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების შემცველ რეზოლუციას ვეტოს არ დაადებს.