წინასწარ როდესაც აცხადებ, რომ სასამართლო სისტემაში არიან კორუმპირებულები და წინასწარ გაქვს მოსაზრება გამოთქმული, მიზანმიმართულად იძახი, რომ ეს მოსამართლეები არიან გასაყრელი სასამართლო სისტემიდან, აქედან გამომდინარე კეთილსინდისიერება არ გაინტერესებს, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ მოსამართლეთა კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.
მურუსიძის თქმით,მ ე.წ. ვეტინგი კეთილსინდისიერებას არ ეხება.
„ვეტინგთან“ დაკავშირებით შემიძლია, გითხრათ, რომ ზოგადად, როდესაც რაიმე ცუდი უნდა განხორციელდეს, ყოველთვის წინა პლანზე წამოწევენ ხოლმე კეთილშობილურ მიზანს. მოცემულ შემთხვევაში საუბრობენ კეთილსინდისიერებაზე. „ვეტინგთან“ დაკავშირებით, რაც ჩვენ პრაქტიკა გვაქვს ალბანეთში, უკრაინასა და მოლდოვაში, იქ მოსამართლეების შემოწმება არ ხდება კეთილსინდისიერების მიხედვით, რასაც პრაქტიკა გვაჩვენებს. რეალურად მოხდა ფაქტობრივად სპეცოპერაცია და სასამართლოს დაქვემდებარება კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ. მაგალითად, ალბანეთში ცნობილია, რომ თვითონ ამერიკელი სენატორები აყენებდნენ საკითხს, რომ ამერიკელი მოქალაქეების გადასახადი მენეჯმენტის მიერ გამოიყენება არაკეთილსინდისიერად და იქ არ ხდება მოსამართლეების შემოწმება კეთილსინდისიერების მოტივით, არამედ სურთ, სასამართლო სისტემა დაუქვემდებარონ მოქმედ პარტიას.
რაც შეეხება უკრაინას, ჯერ პრეზიდენტ პოროშენკოს დროს მოხდა მოსამართლეთა „ვეტინგი“. ის მოსამართლეები, რომლებიც დატოვეს, მომდევნო პრეზიდენტის დროს განხორციელდა „ვეტინგი“ და გაყარეს. დიდი ალბათობით, ვფიქრობ, შემდეგი პრეზიდენტი როცა იქნება უკრაინაში, იმ მოსამართლეებს გაყრის, რომლებსაც ახლა შეარჩევენ.
ჯერ საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ წლების განმავლობაში მიდის სასამართლოს დისკრედიტაცია, მიდის პირდაპირ მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია, ანუ ქმნიდნენ ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრა. ვისი ინტერესია? ვინც გამოდის და ვინც იძახის, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა და ესენი არიან კორუმპირებულები, სპეციალურად ქმნიან ამ აჟიოტაჟს და საფუძველს, ის ადამიანები ცდილობენ, დაიქვემდებარონ სასამართლო.
მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. მოვუწოდებ ყველას, პოლიტიკოსები იქნებიან თუ არასამთავრობი სექტორი, ზუსტად იმაზე რომ არის საუბარი, რომ აქ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას იქედანაც ჩანს, რომ ძალიან ბევრ მოსამართლეს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი. ხომ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ჩატარდეს „ვეტინგი“ და გავიაროთ კეთილსინდისიერების ტესტი. წინასწარ როდესაც აცხადებ, რომ სასამართლო სისტემაში არიან კორუმპირებულები და წინასწარ გაქვს მოსაზრება გამოთქმული, მიზანმიმართულად იძახი, რომ ეს მოსამართლეები არიან გასაყრელი სასამართლო სისტემიდან, აქედან გამომდინარე კეთილსინდისიერება არ გაინტერესებს“,- განაცხადა მურუსიძემ.
მისივე თქმით, მოსამართლეთა 32-ე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უნდა აირჩიონ.
როგორც მურუსიძემ განაცხადა, „ვინაიდან, სასამართლოს წინააღმდეგ „ვეტინგზე“ მიდის საუბარი“, მისთვისაც საინტერესოა, რას ფიქრობენ აღნიშნულ საკითხზე მოსამართლეები.
„ზოგადად, არ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ვიღაცას აქვს გამოხატვის თავისუფლება და სხვა მოსამართლეებზე ლაპარაკობდნენ, რომ არიან არაკეთილსინდისიერები. უნდა იყოს ერთნაირი მიდგომა, გამოხატვის თავისუფლება თუ აქვს ერთს, მაქვს მეც.
„ვეტინგი“ არ ეხება კეთილსინდისიერებას, კეთილსინდისიერება ეს არის უბრალოდ შირმა. კეთილსინდისიერების მოტივით ცდილობენ სასამართლოს დაქვემდებარებას.
მიმაჩნია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გხდეს ევროკავშირის წევრი, უბრალოდ მიმაჩნია, რომ უნდა იაროს საქართველომ სწორი გზით, საქართველოს სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. ჩემი აზრით, ეს არ ეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ალბანეთი, სადაც მოხდა სასამართლო სისტემის დანგრევა „ვეტინგის“ საშუალებით, დღესაც არ არის ევროკავშირის წევრი„,- განაცხადა მურუსიძემ.
იუსტიციის უმაღლესი სკოლაში საქართველოს მოსამართლეთა 32-ე კონფერენცია მიმდინარეობს.