უკრაინას მოსკოვში მომხდარ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
“რუსეთის მოსკოვის ოლქში “კროკუს სითიში” მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც ამ წამს გარკვეული მოვლენები, გარკვეული სროლა, დაუდგენელი პირების მხრიდან გარკვეული ტერორისტული ქმედებები მოხდა – მოდით, დავაფიქსიროთ: უკრაინას ნამდვილად არანაირი კავშირი არ აქვს ამ მოვლენებთან”, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას არასდროს არ გამოუყენებია ომის წარმოების ტერორისტული მეთოდები და განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების საელჩოები მარტის დასაწყისში რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილ ექსტრემისტულ აქციებთან დაკავშირებით გაფრთხილებებს ავრცელებდნენ.
“ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ “კროკუს სითიში” ტერაქტებთან ან სროლასთან, ან როგორც დაარქმევთ, უკრაინას ნამდვილად არანაირი კავშირი არ აქვს”, – განაცხადა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, მოსკოვში, “კროკუს სითი ჰოლში” სროლისა და ხანძრის შედეგად, ოფიციალური ცნობებით დაიღუპა 40 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. რუსეთის უშიშროების სამსახურმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა. დიმიტრი მედვედევმა მომხდართან დაკავშირებულ განცხადებაში კიევი ახსენა და განაცხადა, რომ ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით. მისი თქმით, თუ დადგინდება, რომ ისინი “კიევის რეჟიმის ტერორისტები იყვნენ”, მათთან და მათ შთამაგონებლებთან სხვანაირად მოქცევა შეუძლებელია.