“რუსები პრეზიდენტის ფიქტიურ არჩევნებში მონაწილეობისათვის ემზადებიან”-The Economist

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist), რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით, აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსები პრეზიდენტის ფიქტიურ არჩევნებში მონაწილეობისათვის ემზადებიან“, რომელშიც განხილულ-გაანალიზებულია რუსულ საზოგადოებაში არჩევნების წინ შექმნილი სიტუაცია და გაკეთებულია დასკვნა, რომ მართალია, მორიგი გაყალბებული არჩევნები ქვეყანაში არაფერს შეცვლის, თუმცა ამომრჩეველი თავისი პროტესტის დაფიქსირებას უნდა შეეცადოს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამ კვირის ბოლოს მილიონობით რუსი მიიღებს მონაწილეობას ქვეყნის პრეზიდენტად ყველაზე ხანგრძლივი – იოსებ სტალინის შემდეგ – დიქტატორის ვლადიმერ პუტინის ხელახალ არჩევაში. ქვეყანაში, სადაც ოპოზიციური პოლიტიკოსები ან უკვე მკვდრებია, ან საპყრობილეში სხედან და ან საზღვარგარეთ არიან გაძევებულები, სადაც ხელისუფლების მოქმედებაზე სიმართლის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და სადაც პარანოიდალური ავტოკრატი მოხარულია სასაკლაოზე გაგზავნოს ათი ათასობით თავისი თანამემამულე და მეზობელი საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად, არჩევნები საჭიროც კი არ არის. უცნაური სიტუაციაა – ერთდროულად შარადაც და ანაქრონიზმიც. სამდღიან ხმის მიცემას, რომელიც 15 მარტს დაიწყება, არჩევნებს ვერ ვუწოდებთ იმ თვალსაზრისით, როგორითაც ჩვენ აღვიქვამთ, გვესმის და ვაცნობიერებთ მას დასავლურ სამყაროში. რუსეთის რომ დემოკრატიული ქვეყანა იყოს, ვლადიმერ პუტინს ხელისუფლება 2008 წელს უნდა დაეტოვებინა, როცა კონსტიტუციის მიხედვით, მისი მეორე, ბოლო საპრეზიდენტო ვადა ამოიწურა, მაგრამ იქ სადაც ომი მშვიდობას ნიშნავს, უმეცრება – ძალას და თავისუფლება – მონობას, ამ არჩევნების არსი არჩევანის არარსებობაში გამოიხატება. საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის რეალური ალტერნატივის და არჩევნებისადმი სათანადო კონტროლის არარსებობის პირობებში ვლადიმერ პუტინი, დიდი ალბათობით, სასურველ შედეგს მიაღწევს, მაგრამ მხოლოდ შედეგი არ არის მთავარი ვლადიმერ პუტინისათვის – თვითონ არჩევნების რიტუალი კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეჟიმისათვის. საბჭოთა ლიდერებს, რომლებიც ასევე ატარებდნენ გაყალბებულ „არჩევნებს“, ზოგჯერ ბიულეტენში შეტანილი მხოლოდ ერთი კანდიდატით, კიდევ ჰქონდათ შესაძლებლობა ესარგებლათ ბოლშევიკური რევოლუციის მემკვიდრეობით, სოციალიზმის წარმატებით და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებით, მაგრამ ვლადიმერ პუტინის ტირანია უფრო პირადულ და ნაკლებად იდეოლოგიურ ხასიათს ატარებს, პუტინის დიქტატურა თავის „ლეგიტიმურობას“ იღებს ძალადობის გამოყენებით, „სახალხო მხარდაჭერის“ საფუძველზე, რისთვისაც კრემლი გარკვეულ მეთოდებს მიმართავს: დასავლეთისა და უკრაინის სახით ქმნის გარეშე მტრის ხატს, ხოლო შინაურის მტრის სახით – უცხოელი აგენტები ჰყავს წარმოდგენილი. როგორც გრეგ იუდინი – რუსი პოლიტიკური ფილოსოფოსი და პრინსტონის (აშშ) უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ამბობს, ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები აკლამაციას წარმოადგენს – ძველ რომში იმპერიულ ჩინოვნიკებს ასეთი რიტუალური ფორმით იწონებდნენ (გავიხსენოთ, რომ მოსკოვი ოდესღაც თავს „მესამე რომად“ თვლიდა). არჩევნების როლი, რასაკვირველია, არ გამოიხატება იმით, რომ ხელისუფლებაში მყოფი რომელიმე პიროვნება შეცვალოს, არამედ იმით, რომ უკვე მოხუცებულობაში შესულ დიქტატორს ლეგიტიმურობა შემატოს. „გადაწყვეტილება თვითონ ლიდერის მიერ მიიღება. ხალხის როლი მხოლოდ იმით გამოიხატება, რომ თქვას „დიახ“, ანუ მოიწონოს“, – ამბობს გრეგ იუდინი.

მას შემდეგ, რაც 2000 წელს ვლადიმერ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში გამოჩნდა, მისი რეჟიმი პასიურობას კულტივირება, ანუ ადამიანებს აქტიური პოლიტიკისგან აშორებდა და მათ მხოლოდ საჯარო ღონისძიებებში (არჩევნებში, რეფერენდუმებში…) მონაწილეობისათვის მიმართავდა. სწორედ ასეთი რიტუალია გამოხატული „ბორის გოდუნოვში“ – ალექსანდრე პუშკინის მიერ შექმნილ დიდებულ ტრაგედიაში, როცა ბორის გოდუნოვს, XVI საუკუნის ბოიარს, რომელიც მეფედ თავად-აზნაურობამ და ეკლესიამ აირჩია, კრემლის წინ თავშეყრილი ხალხი ესალმება. ისინი სათანადოდ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას – მხარს უჭერენ ახალ მეფეს, იმავდროულად კი კერძო საუბრებში ლაპარაკობენ, რომ გოდუნოვმა ტახტის კანონიერი მემკვიდრე მოკლაო.

ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ამ რიტუალური მისალმება-მხარდაჭერა-მოწონების არსი გაიგო და რეალურად შეეცადა მისთვის ხელის შეშლას და არჩევნებისადმი კლასიკური, ჭეშმარიტ პოლიტიკური დანიშნულების დაბრუნებას, ალექსი ნავალნი იყო – საპყრობილეში მოკლული რუსი ოპოზიციონერი. მან კარგად იცოდა, რომ რუსეთში ხელისუფლების შეცვლა საარჩევნო ურნების დახმარებით შეუძლებელია, ამიტომ იგი არჩევნებს განსხვავებული აზრის გამოხატვის, მისი დაფიქსირების საშუალებად თვლიდა. მისმა მოწოდებამ 2011 წლის არჩევნების დროს, რომ ხმა მიეცათ ყველა სხვა პარტიისათვის, პუტინისტური „ედინაია როსიას“ გარდა, ამომრჩეველთა და დამკვირვებელთა მობილიზება მოახდინა: კრემლი იძულებული გახადა არჩევნების გაყალბება საჩქაროდ მოეხდინა ისე ღიად და შეუნიღბავად, რომ უდიდესი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია რუსეთის პოსტსაბჭოურ ისტორიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ალექსი ნავალნი რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ კოლონიაში იყო ჩამწყვდეული არქტიკაში, პოლარული წრის მიღმა, ექსტრემიზმის ბრალდებით, ხოლო მისი ორგანიზაცია კანონგარეშედ იქნა გამოცხადებული, ზოგიერთი მისი მოკავშირე ციხეებში იხდის სასჯელს, იგი აგრძელებდა ვლადიმერ პუტინის კრიტიკას, ბრძოლაში იწვევდა და მოსახლეობის მობილიზებას ახდენდა. სიკვდილამდე ორი კვირით ადრე ალექსი ნავალნიმ მოსახლეობას მოუწოდა, რომ „არჩევნების“ დროს, 15-17 მარტს, მისულიყვნენ ურნებთან და ხმა მიეცათ ყველა კანდიდატისათვის, ვლადიმერ პუტინის გარდა, ან საარჩევნო ბიულეტენები გამოუსადეგარი გაეხადათ. ალექსი ნავალნის მკვლელობით არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ვლადიმერ პუტინს სურდა ეჩვენებინა, რომ მისი და ძველი იმპერიალისტური რუსეთის ალტერნატივა თანამედროვე ეტაპზე არ არსებობს, მაგრამ მას ალექსი ნავალნი საფლავიდანაც კი არ ასვენებს – ჯერ ერთი, რომ დაკრძალვის დღეს მას პატივი მიაგო ათი ათასობით რუსმა, ხოლო მეორე – აშკარად გაისმოდა ხმები პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ: „პუტინი მკვლელია“, „არა – ომს“ და ა.შ. ფრენკ სინატრას მელოდია, რომელიც ალექსი ნავალნის დაკრძალვის დროს ჟღერდა, ახლა წინააღმდეგობის მოძრაობის მელოდიად იქცა.

სამგლოვიარო და ანტიპუტინური აქციები რუსეთის 230-ზე მეტ ქალაქში გაიმართა. იულია ნავალნია, რომელმაც ქმრის ბრძოლის გაგრძელება გადაწყვიტა, მოუწოდა ამომრჩევლებს, რომ ისარგებლონ ხმის მიცემის დღეებით, „რათა ხელისუფლებას ვაჩვენოთ – ჩვენ ვარსებობთ, ბევრნი ვართ და პუტინის წინააღმდეგ გამოვდივართ“. 17 მარტს, კვირას, ამომრჩეველთა ძირითადი რაოდენობის მისვლა ურნებთან, რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებას ვერ შეცვლის, მაგრამ ქვეყანაში, სადაც სიმბოლოებსა და ჟესტებს უფრო მეტი წონა აქვთ, ვიდრე განცხადებებს (რაც ალექსი ნავალნის დაკრძალვის დროსაც გამოიხატა), პუტინისადმი მხარდაჭერას უკვე ჩრდილი მიადგა. გავიხსენოთ, რას ამბობს ალექსანდრე პუშკინის ტრაგედიის „ბორის გოდუნოვის“ ერთ-ერთი გმირი – სალოსი ნიკოლკა, როცა კრემლის მსახური ეკლესია მოსახლეობას ბორის გოდუნოვის მხარდასაჭერად მოუწოდებს: „არავითარი ლოცვა მტარვალი მეფისათვის… ღვთისმშობელი ამას არ დაუშვებს“.

წყარო