ბრიტანულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) გაავრცელა სტატია სათაურით „რუს კანონმდებლებს უკრაინისათვის ყირიმის გადაცემის საბჭოური დადგენილების გაუქმება სურთ“.
გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:
რუსეთის დუმის კანონმდებლებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც აუქმებს 1954 წელს, საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას ყირიმის რუსეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს რუსეთისთვის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას იმის დასამტკიცებლად, რომ ყირიმი, რომლის ანექსიაც მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა, არასოდეს ყოფილა უკრაინის ნაწილი.
კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატის მიერ, აღწერს 1954 წლის გადაცემას, როგორც თვითნებობას და უკანონობას, რადგან არ ჩატარებულა რეფერენდუმი და საბჭოთა ხელისუფლებას არ ჰქონდა უფლება გადაეცა ტერიტორია ერთი დამფუძნებელი რესპუბლიკიდან მეორისთვის, თანხმობის გარეშე.
წარსულში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაგმო 1954 წელს საბჭოთა ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ, ყირიმის უკრაინისთვის გადაცემა და ნაბიჯი შეაფასა, როგორც იმ დროს არსებული სამართლებრივი ნორმების დარღვევა.
ყირიმის მცხოვრებლებმა უკრაინის დანარჩენ ნაწილებთან ერთად რეფერენდუმში უკრაინის დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი, საბჭოთა კავშირის დაშლისას და შემდგომში რუსეთმა და უკრაინამ აღიარეს ერთმანეთის საზღვრები.
რუსეთმა ყირიმი საყრდენად გამოიყენა, 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისას და მას შემდეგ კიდევ ოთხი უკრაინის პროვინციის ანექსია გამოაცხადა. უკრაინა ხშირად ახორციელებს თავდასხმებს ყირიმში რუსეთის ობიექტებზე და პირობას დებს, რომ დაიბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ მთელ ტერიტორიას.