კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში ონლაინუნივერსიტეტი ამოქმედდება.
საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის გარკვეულ მიმართულებაზე თეორიული სწავლება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.
მინისტრის ინფორმაციით, ასევე შეიქმნება ონლაინპროგრამა, რომლის შემთხვევაშიც, სწავლის სრულად დისტანციურად გავლა იქნება შესაძლებელი.
„დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ჩვენმა უწყებამ წარადგინა უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც ეხება ელექტრონული, დისტანციური სწავლების რეფორმას. პრაქტიკულად, ახლებურად ყალიბდება და იცვლება ეს მიმართულება. მოგეხსენებათ, აქამდე მხოლოდ პანდემიის პირობებში, ფორსმაჟორულ რეჟიმში ხდებოდა აღნიშნული მეთოდით სწავლება. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ეხება მხოლოდ უმაღლეს განათლებას, რიგ შემთხვევებში კი – პროფესიულ განათლებას. რამდენიმე თვეა, ანალიზს ვაკეთებთ როგორც საუკეთესო პრაქტიკის, ასევე საქართველოში არსებული გამოცდილების.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებთან დაკავშირებით – ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს – არსებულ პროგრამებზე გარკვეული დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად.
მეორე მიმართულება ეხება იმას, რომ ასევე შესაძლებელი ხდება ონლაინპროგრამის შექმნა და როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად გავლა, შესაბამისი აკრედიტაციის გავლა როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხოელი მოქალაქეებისთვის.
მესამე მიმართულება ეხება აღიარების დასაშვებობას საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც სწავლობენ საზღვარგარეთის ქვეყნების ონლაინელექტრონულ პროგრამებზე. მოგეხსენებათ, აქამდე აკრძალული იყო. პირველ ეტაპზე ასეთ ქვეყნებად განისაზღვრა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და აშშ, თუმცა შესაძლებელი იქნება მომავალში ქვეყნების ნუსხის დამატება იმ სანდოობის გათვალისწინებით, რომელიც უნივერსიტეტებს აქვთ.
კანონის მიღების შემდეგ გაჩნდება ახალი კონცეპტუალური მიდგომა და ტერმინი უმაღლესი განათლების კანონში. ეს არის ონლაინუნივერსიტეტის ცნება და კონცეფცია. ამ კონცეფციის სტანდარტების დამუშავება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალება. ეს პრაქტიკულად სრულად ახალ შესაძლებლობებს და კარს გააღებს ჩვენი უმაღლესი განათლების სექტორისთვის როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი განათლების ექსპორტის კუთხით“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.