ევროატლანტიკური გზა საჭიროებს ძლიერ, დამოუკიდებელ, სანდო სასამართლო სისტემას, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს. აშშ USAID-ის საშუალებით მოწოდებულია, გააგრძელოს პროგრესი სასამართლო რეფორმაზე საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.
რობინ დანიგანი მონაწილეობას იღებს USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის კონფერენციაში სახელწოდებით: „გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი“.
„მოხარული ვარ, შევუერთდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ნინო ბაქაქურს, საქართველოს ხელისუფლების, სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების წარმომადგენლებს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ამ ძალიან მნიშვნელოვან დისკუსიაში მოქალაქეების სამართლებრივ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ. საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ამ სფეროში, რაც იყო აღიარებული, როდესაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, USAID-ის, აშშ-ის მთავრობის საშუალებით გავაგრძელოთ საქართველოს პროგრესის მხარდაჭერა. ვფიქრობ, რომ დღეს მონაწილეთა ფართო სპექტრი აჩვენებს საქართველოს მოწოდებას, მიაღწიოს მეტ პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე და ეს გზა საჭიროებს ძლიერ, დამოუკიდებელ, სანდო სასამართლო სისტემას, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს. ასე რომ, მოხარული ვარ დღეს აქ ყოფნით. აშშ USAID-ის საშუალებით მოწოდებულია, გააგრძელოს პროგრესი სასამართლო რეფორმაზე საქართველოში“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.