ნამდვილად არ მეგონა, თუ ამდენი ხელოვნებათმცოდნე გვყავდა ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა – ზოგს მოსწონს აღნიშნული ქანდაკება, ზოგს არ მოსწონს, მე მომწონს და მინდა, გიორგის წარმატებები ვუსურვო, მართლაც შთამბეჭდავია, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულ ქანდაკებაზე, „დროის ნაწნავებზე“ გამოთქმულ მოსაზრებებს.
ამასთან, როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ყველას გვერდში დაუდგება, ვინც თბილისისთვის მნიშვნელოვან და სასიკეთოს საქმეს აკეთებს და მომავალში გააკეთებს.
„მინდა გამოვეხმაურო ზაარბრიუკენის მოედანზე დროებით გადადგმულ ქანდაკებას, თავს უფლებას ვაძლევ მეც ვისაუბრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი იწერებოდა, ნამდვილად არ მეგონა, თუ ამდენი ხელოვნებათმცოდნე გვყავდა ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, ამას, მხოლოდ და მხოლოდ, მივესალმები. დიდი გამოცდილება არ მაქვს ამ მიმართულებით, თუმცა გვყავს ირგვლივ ადამიანები, რომლებმაც აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი იციან.
„თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ მერიის ახლად დაფუძნებული სტრუქტურაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და ის უფრო ხელმისაწვდომი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ფონდს ჰყავს თავისი მენეჯმენტი და ამ სფეროში მოღვაწე დამოუკიდებელი სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია, შემდგარი გუნდი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, თუ რომელ ლოკაციაზე კონკურსში მონაწილე რომელი არტისტის დროებითი ინსტალაცია განათავსოს და მიზანშეწონილი გახადოს. ამ გადაწყვეტილებების შედეგად უკვე არაერთი საინტერესო ნამუშევარი განთავსდა ქალაქის სხვადასხვა უბანში. მეც ძალიან ბევრი ვისაუბრე აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა, რომ არტისტებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს მუნიციპალიტეტისგან მხარდაჭერა ჰქონდეთ. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ქალაქის სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა რაიონებში, კონკრეტულ ადგილებზე გამოყოფილი იქნება სივრცეები, სადაც დროებით განთავსდება თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრები“, -განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მერია მომავალშიც გეგმავს კონკურსების გამოცხადებას და ხელოვნების ხელშეწყობას.
„ჩემთვის, პირადად სასიხარულოა, რომ გიორგი ხანიაშვილის ამ ქანდაკებას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა და ეს საკითხი ასეთი აქტუალური აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ზოგს მოსწონს აღნიშნული ქანდაკება, ზოგს არ მოსწონს, მე მომწონს და გიორგის წარმატებები მინდა ვუსურვო, მართლაც შთამბეჭდავია აღნიშნული პროექტი, რომელიც განხორციელდა. თუმცა, მთავარი არის, რომ ამ ნამუშევარმა გამოიწვია საზოგადოებაში ძალიან დიდი დისკუსია, რაც სახელოვნებო სფეროს განუყოფელი ნაწილია, ეს, მხოლოდ და მხოლოდ, მისასალმებელია. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაოდენ საჭირო და დროული იყო ასეთი ინსტიტუციის გაჩენა დედაქალაქში. წარმატებას ვუსურვებ ფონდს და ყველა არტისტს. მინდა ხაზი გავუსვა, ყველას გვერდში დავუდგები, ვინც თბილისისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან და სასიკეთოს საქმეს აკეთებს და მომავალში გააკეთებს“, – განაცხადა კალაძემ