თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტული კარატეს ნაკრებმა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველომ, ისტორიაში პირველად, სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა და 49 ქვეყანას შორის მე-8 ადგილი დაიკავა.
საქართველოს პირველი ოქრო -52 კგ წონით კატეგორიაში გიგი ალანიამ მოუტანა, რომელმაც უკრაინელ მაქსიმ ვიეჩკანოვს სძლია. კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და იუნიორებს შორის -68 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა უტა ფონიავამ – ქართველმა კარატისტმა თურქი მუსტაფა ოგრაგლი დაამარცხა.
21-წლამდელთა შორის -67 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დასჯერდა იკა სულამანიძე, რომელიც ფინალში ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელ ბეხირ გრაბუსთან დამარცხდა.
ევროპის ჩემპიონატს ესწრებოდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი არაბული.
სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატში 1200-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა, საქართველოს ღირსებას კი 26 კარატისტი იცავდა.