წარმოუდგენელ ამბავთან გვაქვს საქმე, როდესაც მცდელობაა, საქართველოს დაჰბრალდეს რუსეთში ტერაქტების მოწყობა. ამის ერთადერთი მიზანია, საქართველო ჩაბმული იყოს ომში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო, რომელსაც ძლიერი სპეცსამსახურები ჰყავს.
„ტრანსნაციონალური დანაშაული როცა იხსნება და ამაში რომელიმე ქვეყნის მმართველი პარტიის წარმომადგენლის როლი იკვეთება, ჩვენი მეგობარი თუ არამეგობარი ქვეყნის, უდავოა, რომ განმარტებები უნდა გაკეთდეს. წარმოუდგენელ ამბავთან გვაქვს საქმე, როდესაც მცდელობაა, საქართველოს დაჰბრალდეს რუსეთში ტერაქტების მოწყობა. ამის ერთადერთი მიზანია, საქართველო ჩაბმული იყოს ომში და გამოცხადდეს მხარედ. ამისთვის იყო არა მხოლოდ მოწოდებები, დაძალებებიც კი, ხან მთავრობის ნებართვით მოხალისეების თვითმფრინავების გაშვებას გვთხოვდნენ, პირდაპირი მოწოდებებიც გვახსოვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უკრაინის კონკრეტული მაღალჩინოსნების მხრიდან. ახლა ტერაქტების მოწყობის გზით ცდილობენ, რაღაცნაირად ჩაითრიონ საქართველო ამ ამბავში. კიდევ კარგი, საქართველოს სახელმწიფო არის შემდგარი და ჰყავს ძლიერი სპეცსამსახურები. უდიდესი მადლობა მათ, ამ სპეცსამსახურებმა შექმნეს პრეცედენტი, რომ ასეთი ვითომ კარგად ორგანიზებული დანაშაულებიც კი იხსნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის საელჩოს განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ იმედოვნებენ, ქართული მხარე საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს, რაზეც მამუკა მდინარაძემ განაცხადა:
„რას ნიშნავს, პოლიტიზება არ მოხდეს, საერთოდ კომენტარი არ გავაკეთოთ? ანუ არ გავახმაუროთ ამბავი? გამოიკვეთა კონკრეტული ადამიანები, რომლებთან დაკავშირებითაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს განმარტებები. ქვეყანა იყო უდიდესი რისკის, საფრთხის ქვეშ, დაჰბრალებოდა რუსეთში ტერაქტების მოწყობა. არავინ ახსენებს ასაფეთქებელი მოწყობილობების იმ ნაწილს, რომელიც საქართველოში დარჩა და აქ რა იგეგმებოდა. ამაზე კიდევ ცალკე კითხვის ნიშნებია, რა იგეგმებოდა საქართველოში ასაფეთქებელი მოწყობილობებით. ეს დამატებით გამოძიებას საჭიროებს, გარკვეული მინიშნება ალბათ არის ამასთან დაკავშირებით. საქართველო, უნდა დაფიქსირებულიყო, როგორც კონფლიქტის მხარე, ტერაქტების მომწყობი და ხმა არ ამოვიღოთ, ამას გვთავაზობენ?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძის თქმით, სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წარმოუდგენელ არგუმენტებს ისმენს ოპოზიციის მხრიდან.
„ამავდროულად, ჩვენ ოპოზიციისგან წარმოუდგენელი არგუმენტები გვესმის, ალბათ რუსეთის სპეცსამსახურებიდან მიიღეს ინფორმაციაო. ასეთი სისულელე რატომ უნდა თქვა. რუსეთის სპეცსამსახურებს რომ ინფორმაცია ჰქონოდა, რატომ მისცემდნენ ინფორმაციას ქართულ სპეცსამსახურებს, გადავიდოდა საზღვარზე და შემდეგ გახსნიდნენ საქმეს, მიიწერდნენ. ბევრ ისეთ ამბავს გამოაცხადებდნენ, რაც აწყობთ. სისულელეს იგონებენ, ოღონდ სიტყვა რუსული ახსენონ და მესიჯბოქსში ჩაჯდნენ. მათი ლოგიკით, რა კარგი ხალხი ყოფილან რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომ ზრუნავენ, საქართველოს არ დაჰბრალდეს რუსეთში ტერაქტის მოწყობა, „ნაცების“ ლოგიკა ასეთი გამოვიდა, ასეთი სიგიჟეები არ უნდა ილაპარაკონ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღო რამდენიმე ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელთა გადაადგილებასაც ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე ანდრეი შარაშიძე“.
სუს-ის განცხადებით, „საქმის დეტალები იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება, საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები საქართველოს დაჰბრალებოდა“.
სუს-ის ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უკრაინის საელჩომ, სადაც აღნიშნულია: „ვამოწმებთ სუს-ის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, ვარკვევთ ყველა გარემოებას, ვიმედოვნებთ, ქართული მხარე საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს.