უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე კვირის ბოლომდე ხელს მოაწერს ბრძანებას შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან ვალერი ზალუჟნის გათავისუფლების შესახებ. ამ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, 29 იანვარს ზელენსკიმ ზალუჟნის სხვა თანამდებობაზე გადასვლა შესთავაზა, რაზეც გენერლისგან უარყოფითი პასუხი მიიღო. ამ შეხვედრის შესახებ წერდნენ სხვა დასავლური გამოცემებიც, მათ შორის The Economist-ი და Financial Times-ი.
მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ასევე პრეზიდენტის ოფისმა.
CNN-ის წყაროების ცნობით, ზელენსკიმ თათბირზე განუცხადა ზოგიერთ მაღალჩინოსანს, მათ შორის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს, რომ „მიღებული აქვს გადაწყვეტილება ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“.