დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შეფასებით, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ოჯახის გამოსახლებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ფორმალურად წარიმართა და მიღებული გადაწყვეტილება ინდივიდუალური გარემოებების შეფასებას არ ეყრდნობა.
23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ოჯახის გამოსახლების იძულების ღონისძიებაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე 18 პირი დააკავეს. სასამართლომ პროტესტის მონაწილეები – ოლღა ჭელიძე და ნონა ღურჭუმელიძე პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით, სამართალდამრღვევებად ცნო და სახდელის სახით 2,000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლები სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ. DRI-ის დამკვირვებლის შეფასებით, პროცესის დროს მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ ობიექტურად არ შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ინდივიდუალური გარემოებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდებოდა დაკავებული პირების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი საფუძველი კი იმ პოლიციელების ჩვენება იყო, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ დაკავებაში და მოწმის სახით გამოცხადდნენ პროცესზე.
სასამართლოს ზედაპირული დამოკიდებულება საქმისადმი დაცვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილშიც გამოჩნდა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა პირმა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მიზნით, პროცესის გადადების თაობაზე იშუამდგომლა. დაკავებულის განმარტებით, ვიდეო-ჩანაწერებში კარგად ჩანდა მისი დაკავების პროცედურა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მას არ ჩაუდენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. სასამართლომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი უსაფუძვლოდ განაცხადა.
პრობლემური იყო დაკავების ოქმის შინაარსიც. კერძოდ, მხარემ სასამართლო პროცესზე წარმოადგინა დაკავებული პირისთვის ჩაბარებული ოქმი, რომელშიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პროცესზე წარმოდგენილი ოქმისაგან განსხვავებით, დაკავების საფუძვლად პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება მითითებული არ იყო. დაკავების ოქმის სამართალდამრღვევისთვის ჩაბარების არსი სწორედ ის არის, რომ მას ჰქონდეს სრულფასოვანი ინფორმაცია დაკავების საფუძვლების შესახებ.
მოსამართლე ჩიკაშუას აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად განსხვავდება 29 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებისგან, როდესაც მოსამართლე დავით წერეთელმა „რაჭის პროტესტის“ დროს დაკავებული პირებიდან მხოლოდ ისინი მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად, რომელთა იდენტიფიცირებაც ვიდეო-კადრებით შეძლო. სხვა შემთხვევაში კი, არ დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს და სამართალწარმოება შეწყვიტა.