მთებიდან ზღვამდე ქართული სამზარეულო მადრიდის გასტრო კონგრესს Madrid Fusión დაიპყრობს

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესი Madrid Fusión საქართველოს შესახებ Facebook გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. „მთებიდან ზღვამდე ქართული სამზარეულო მადრიდის გასტრო კონგრესს Madrid Fusión დაიპყრობს. აღმოაჩინეთ ჩვენი სტუმარი ქვეყნის გასტრონომიული არსი. საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც მთავარი კერძი სტუმარმასპინძლობაა“, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მისი თქმით, 29-31 იანვარს, საქართველო Madrid Fusión 2024-ზე, სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=784376047059876&set=a.641268328037316&type=3&ref=embed_post