იმედი მაქვს, შესრულებად პირობებს წარმოგვიდნენ – რომ გითხრან, სპილო ხარ და აღარ იყო სპილო, თუ არ ვარ, როგორ უნდა გადავიქცე იმად, რაც არასდროს ვყოფილვარ, როგორ განვიკურნო იმისგან, რაც არასდროს არ მჭირდა?! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად მზად იქნება მმართველი გუნდი შეასრულოს პირობები, რომელიც შესაძლოა კანდიდატის სტატუსს მოჰყვეს.
დავითულიანი აცხადებს, რომ შესრულებადი იქნება პირობები, რომელიც გარკვეული სფეროების რეფორმირებას შეიძლება მოითხოვდეს, ხოლო შეუსრულებადია პირობა, რომლის შესრულების სამართლებრივი გზა არ არსებობს.
ამასთან, დავითულიანი გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, გადაწყვეტილება გეოგრაფიული ფაქტორით არ იქნება მიღებული.
“ამას ადრეც ვამბიბდი, რომ გადაწყვეტილებას მიიღებენ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს სტატუსი მოვიპოვოთ. გეოპოლიტიკურ ჭრილში მისაღებ გადაწყვეტილებაზე სამწუხაროდ, გუშინ გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერის მხრიდან და არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, საერთოდ გეოგრაფია დასახელდა გადამწყვეტ ფაქტორად. მე იმედი მაქვს ღირებულებითი ნაწილი, რომ საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი იქნება უფრო მაღალი მნიშვნელობის და მხოლოდ გეოგრაფიით ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რადგან ჩვენ ერთხელ უკვე დაგვტოვა ევროპამ მე- 20 საუკუნის დასაწყისში, ერთხელ ვერ გაბედა და ვერ მოგვანიჭა მაპი, რასაც 2008 წლის ომი მოჰყვა და იმედი მაქვს, მესამედ ამ შეცდომას დასავლეთი არ დაუშვებს კავკასიაში. არც ჩვენ და არც მათ სხვა გზა არ აქვთ, კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვანიჭონ ვინაიდან, თუ ამას არ მოგვანიჭებენ, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი რეგიონში არსებული სხვა ძალებისთვის, რომ პრინციპული არ არის დასავლეთისთვის კავკასია,”- განაცხადა დავითულიანმა.