ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლა ხან საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ კლანჭებისგან დასაცავად უწევდა, ხან „ნაციონალური მოძრაობის“ სიზარმაცის გამო – პოლიტიკაში მის დაბრუნებას პოლიტიკური ქველმოქმედების სახე აქვს, – აღნიშნული შეფასება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნების მიზეზებზე საუბრისას, მაჭარაშვილმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება და როგორც ამ კონტექსტში აღნიშნა, 2024 წელი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მსოფლიო პოლიტიკაში დღის წესრიგის შეცვლასთან დაკავშირებით.
„ჩვენ კარგად ვიცით, პოლიტიკაში მოსვლა ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესი არ ყოფილა. მან საკუთარ სიტყვაში ახსნა თუ რატომ გააკეთა ეს – სამწუხაროდ, როდესაც ოპოზიცია პოლიტიკურად ნადგურდება, ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის. მიგვაჩნია, რომ 2024 წელს საზოგადოება ამ ყველაფერს დაალაგებს. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი გამოწვევაა. 2024 წელი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მსოფლიო პოლიტიკაში დღის წესრიგის შეცვლასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მისი დახმარება მის მიერვე შექმნილი გუნდისთვის ძალიან კარგი იქნება. რა წარმატებითაც საქართველო 2024 წლისთვის წარსდგა, კარგი იქნება ეს წარმატება მისი დახმარებით კიდევ უფრო განვითარდეს და ქვეყანა 2025 წლისთვის კიდევ უფრო მეტი განვითარებით შეხვდეს იმ მსოფლიოს, რომელიც გამოწვევებით სავსეა. ახლა რეგიონში არის ორი უდიდესი ომი. ამავდროულად არის ეკონომიკური პრობლემები და ძალიან ბევრი დიდი სახელმწიფო საკუთარი გავლენების გადასანაწილებლად იბრძვის. ამიტომ ასეთ რთულ რეგიონალურ გეოპოლიტიკურ პირობებში საქართველო რომ გამოვიდეს მშვიდად და განვითარებულად, მათ შორის ამისთვის ჩვენს გუნდს ბიძინა ივანიშვილის კონსულტაციები სჭირდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.