სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, საახალწლოდ არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები.
სააგენტო მოსახლეობას ასევე აფრთხილებს, ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სურსათის შეძენის შემთხვევაში, რას უნდა მიაქციონ ყურადღება.
„საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები.
ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე);
ეტიკეტი განთავსებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას; ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია ხორცის წარმომავლობისა და სარეალიზაციო ვადების შესახებ.
ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სურსათის (რძე და რძის პროდუქტები, თევზი და თევზის პროდუქტები) გამოყენებით, ადამიანის დაავადების რისკი მაღალია. ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები“, – აცხადებენ სააგენტოში.