სიამაყით უნდა ითქვას, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები, ყველაზე დიდი განსაცდელი ავარიდეთ ჩვენს ხალხს და ქვეყანას, ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად და მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ჩვენ კარგად ვიცით და ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდით იმ რისკების შესახებ, რომლის წინაშეც გვიწევდა ჩვენ გამკლავება. საფრთხე იყო საკმაოდ რეალური, ეს არ იყო მოგონილი, იყო საფრთხე ქვეყნის დესტაბილიზაციის. ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები, მე არ მოვერიდები ამის თქმას, პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ამ საომარ ვითარებაში. ფაქტებს აღარ გაგახსენებთ, ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი.
ამიტომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ძვირფასო მეგობრებო, საზოგადოებავ, მინდა, გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ უნდა ითქვას სიამაყით, ჩვენ ვინაიდან და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები, ჩვენ ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ერს, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას დაატყდეს თავს, არის ომი, ეს ყველაზე დიდი განსაცდელი თავიდან ავარიდეთ და ავირიდეთ. ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად და მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე. ჩვენ ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რისკები მთლიანად არის განეიტრალებული, ბუნებრივია ეს რისკები არსად არ წასულა, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით და გონიერებით ვაფასებთ რისკებს, ვახდენთ საფრთხეების იდენტიფიცირებას, შესაბამის პრევენციებს ვახორციელებთ და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას.
ამავდროულად, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ არცერთი წუთით არ დაგვიკლია მცდელობა, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაში არ ვყოფილიყავით, პირიქით. ჩვენ შეიძლება ითქვას, 24 საათიან რეჟიმში ღიად ვთანამშრომლობდით ჩვენს მეგობარ პარტნიორ სახელმწიფოებთან. ვიყავით სრულ კოორდინაციაში და ვფიქრობ, რომ დღეს შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნის რეალური მხარდამჭერები, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, ევროპელი დასავლელი ამერიკელი მეგობრები არიან სრულად ინფორმირებულები ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ამოცანისა და მიზნების შესახებ და არავითარი კითხვები აღარ არსებობს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.