ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით „პუტინი რუსეთის რესურსებს მთლიანად იყენებს უკრაინაზე გამარჯვებისათვის. შეუძლია თუ არა დასავლეთს კრემლს გაუმკლავდეს?“ (ავტორი – მარკუს უოლკერი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
იმ დროს, როცა უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიის დაწყებიდან უკვე მეორე წელი იწურება, მოსკოვი სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფრონტებზე უპირატესობას ინარჩუნებს: რუსეთს უფრო მეტი ადამიანური რესურსები აქვს, ვიდრე უკრაინას (კიევს პრობლემები გაუჩნდა დანაკარგების შევსებაში, არ ჰყოფნის კარგად გაწრთვნილი ჯარისკაცები), პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სწრაფად მოახდინა რუსეთის ეკონომიკის მილიტარიზება (ნავთობისა და გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავალი იარაღის წარმოებისათვის იხარჯება). ამასობაში კი აშშ-ში და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები (ულტრამემარჯვენე ძალების გააქტიურება, უკრაინისადმი სოლიდარობის შესუსტება) კიევს იარაღისა და ფულის მიწოდების შემცირებასა და შეწყვეტას უქადის.
დასავლეთში არსებული განხეთქილება და რუსეთის მზარდი მზადყოფნა – რაც შეიძლება მეტი ადამიანური და სამრეწველო რესურსების მოახმაროს უკრაინასთან ომს – იმაზე მიუთითებს, რომ 2024 წელი უკრაინისათვის მძიმე იქნება. კიევის კონტრშეტევა ჩაიშალა და უკრაინა ახლა იძულებულია თავდაცვითი პოზიციური ბრძოლები აწარმოოს.
თუმცა ვლადიმერ პუტინი ჯერ კიდევ შორს არის უკრაინის სრული დამორჩილების მიღწევისაგან, რომლის არსებობას იგი „ისტორიულ ანომალიას“ უწოდებს. კრემლისთვის რთულია უკვე დაკავებული ტერიტორიების კონტროლი, რომელიც უკრაინის არმიის სამიზნეს წარმოადგენს.
„2024 წელს სამხედრო თვალსაზრისით, უპირატესობა ისევ რუსეთს ექნება, თუმცა კრემლი რაიმე გადამწყვეტ პოლიტიკურ წარმატებას ვერ მიაღწევს“, – ამბობს მაიკლ კოფმანი, აშშ-ის კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი აზრით, სწორი არ იქნებოდა იმის თქმა, რომ რუსეთი ომში გაიმარჯვებს, მაგრამ თუ მომავალ წელს დასავლეთი კიევის სასარგებლოდ მკაფიო და მტკიცე არჩევანს არ გააკეთებს და მას რესურსებით არ დაეხმარება, ამ შემთხვევაში უკრაინის პერსპექტივა ძალიან გაურკვეველი იქნება.
ეკონომიკა საომარ მდგომარეობაში
აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის მოცულობა ერთობლივად 45 ტრილიონ დოლარს აღწევს, ანუ 20-ჯერ მეტს, ვიდრე რუსეთის ეკონომიკა. დასავლეთი ფლობს უკეთეს ტექნოლოგიებს… მოკლედ, ქაღალდზე უკრაინის დასავლელი მოკავშირეები უფრო ძლიერად გამოიყურებიან, ვიდრე ჩამორჩენილი რუსეთი, მაგრამ რუსეთი უფრო აქტიურია სამხედრო ძალისხმევაში, ვიდრე მდიდარი და მოწინავე აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, ერთად აღებული.
რუსეთის 2024 წლის სამხედრო ბიუჯეტი 100 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც ყველაზე მაღალია საბჭოთა პერიოდის შემდეგ. რუსეთის სამხედრო ქარხნები ვოლგისპირეთში, ურალში და ციმბირში სადღეღამისო მუშაობაზე არიან გადასულნი. სამოქალაქო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებიც კი სამხედრო რელსებზე გადადიან – საჭიროა მეტი დრონები, მეტი ტანკები და მეტი რაკეტები. დასავლეთისაგან განსხვავებით, რუსეთი უფრო სწრაფად ახერხებს იარაღის წარმოების მიზნით შეკვეთების განთავსებას ქარხნებში. თვალსაჩინოა, რომ ევროკავშირი ვერ ასრულებს უკრაინისათვის მიცემულ დაპირებას, რომ მომავალი წლის მარტისათვის მილიონ ჭურვს მიაწოდებს. ევროკავშირის ქვეყნების სამხედრო არსენალები ფაქტიურად თითქმის ცარიელია, დარჩა მხოლოდ ე.წ. „ხელშეუხებელი რეზერვი“.
უკრაინის ეკონომიკა თანდათან გამოდის კოლაფსიდან – ქვეყანამ გადაიტანა 2022 წლის ღრმა კრიზისი და წარმოების მოცულობა მიმდინარე წელს მეტ-ნაკლებად მოიმატა. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის სოციალური სფეროსათვის ბიუჯეტიდან ფული არ იხარჯება (განათლებისა და ჯანდაცვის დარგებს დასავლეთი აფინანსებს), ამიტომ გადასახადების სახით ხაზინაში შესული თანხები მთლიანად სამხედრო სფეროში იხარჯება.
რუსეთი დასავლეთის მიერ გამოცხადებულ სანქციებს მესამე ქვეყნებიდან იმპორტით უმკლავდება. რუსული დიპლომატია ცდილობს გადაიბიროს ახლო აღმოსავლეთისა და „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნები და ამ მიმართულებით გარკვეულ წარმატებას აღწევს.
პოლიტიკური გაურკვევლობა
უკრაინასთან ომის განმავლობაში ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა მხოლოდ ერთი რყევა განიცადა, როცა „ვაგნეროველები“ კრემლის წინააღმდეგ გამოვიდნენ, თუმცა მათი „ბუნტი“ სწრაფად იქნა განეიტრალებული. მას შემდეგ ვერავინ ვეღარ ბედავს კრემლი „დუელში“ გამოიწვიოს.
სამაგიეროდ, დასავლეთში და უკრაინაში პოლიტიკური რყევები გახშირდა. აშშ-ში ორპარტიული დაპირისპირებაა უკრაინის მიმართ დახმარების გაწევა-არგაწევის საკითხში: დემოკრატებს სურთ, რესპუბლიკელები ყოყმანობენ (ან არ უნდათ). ევროკავშირშიც ვერ არის საქმე კარგად: 50-მილიარდიანი ევროს დახმარება ბრიუსელმა ვერადავერ დაამტკიცა ზოგიერთი ქვეყნის პრორუსული ლიდერის გამო. გარდა ამისა, გერმანია, რომელიც ადრე ევროკავშირის ეკონომიკის ლოკომოტივად ითვლებოდა, დღეს აშკარად კრიზისისაკენ მიექანება.
უკრაინაში კონტრშეტევის ჩაშლამ და იმ გარემოებამ, რომ არმიამ რუსეთისაგან ოკუპირებული ტერიტორიები ვერ დაიბრუნა, დაპირისპირება წარმოქმნა სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის. არმიის სარდალი ვალერი ზალუჟნი თვლის, რომ ომი ჩიხშია შესული და წინსვლა შეუძლებელია, პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ უკრაინის არმიამ ტერიტორიების დასაბრუნებლად ბრძოლა უნდა გააგრძელოს. თავის მხრივ, დასავლეთი უკრაინის ტერიტიორიული მთლიანობის აღდგენას 1991 წლის საზღვრებში არაეალურად თვლის. გაისმის ხმები, რომ დროა უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილონ.
არ არის გამორიცხული, რომ ასეთი სიტუაცია, როცა „სამშვიდობო მოძრაობა“ ფართოვდება, ვლადიმერ პუტინმა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს – ეს ყოველივე დასავლეთის დასუსტებად ჩათვალოს და ომი არ შეაჩეროს. გარდა ამისა, კიევი შიშობს, რომ ვლადიმერ პუტინი რომც დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, იგი სექმნილ პაუზას თავისი ჯარის გაძლიერებისათვის გამოიყენებს.
ბევრი დასავლელი ჩინოვნიკი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ელოდება – ვინ იქნება გამარჯვებული? თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, მაშინ უკრაინისადმი დახმარება შემცირდება. შესაძლოა არასასიამოვნო დღეები შეიძლება დაუდგეს ნატოსაც და ამერიკამ ალიანსის ევროპელ წევრებს რუსული ექსპანსია-აგრესიისაგან დასაცავად მეტი თანხების ხარჯვა მოსთხოვოს.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ რუსეთის პრეზიდენტი სათანადოდ ვერ შევაფასეთ. ჩვენ აზრით, ის არ არის სტრატეგიულად მოაზროვნე პიროვნება, არც თუ ისე ჭკვიანია, მაგრამ სამაგიეროდ, ის ძალიან გაბედულია“, – ამბობს კონსტანცია სტელცემიულერი, ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგის ინსტრიტუტის დირექტორი.
ბალანსი ბრძოლის ველზე
ზოგიერთი ევროპელი ჩინოვნიკი შიშობს, რომ ზამთარში უკრაინის არმიის მდგომარეობა ფრონტის ხაზზე გაუარესდება. უკრაინის ჯარს არ ჰყოფნის ცოცხალი ძალა, წარუმატებელი კონტრშეტევის შედეგად არმიამ დიდი ზარალი განიცადა ცოცხალი ძალის მხრივ. გაწვევეის პუნქტებში კორუფციაა გამეფებული (ცალკეული დაჭერებით სიტუაცია ვერ გამოსწორდა), ჯარისკაცთა მომზადების დონე დაბალია. მაგალითად, ამჟამად ფრონტის წინა ხაზზე სანგრებში და ტრანშეებში 40 წლის ჯარისკაცები იმყოფებიან, რომლებიც თანამედროვე ომისათვის და იარაღის მოხმარებისათვის სუსტად არიან გაწრთვნილები.
უკრაინის არმიას აწუხებს საბრძოლო მასალების დეფიციტიც, რის გამოც კიდევ ერთი კონტრშეტევის განხორციელება უახლოეს ხანში შეუძლებელია. ის, რომ უკრაინულმა დესანტმა დნეპრის მარცხენა ნაპირზე პლაცდარმი დაიკავა, ომის ნათელი წერტილია, მაგრამ თავისი მასშტაბით ნაკლებად მნიშვნელოვანი.
ვერც რუსეთის არმია ვერ ახორციელებს რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას, მიუხედავად იმისა, რომ რუსებს უპირატესობა აქვთ ცოცხალ ძალასა და საბრძოლო ტექნიკაში.
როგორც უკრაინელი და დასავლელი სამხედრო ექსპერტები ამბობენ, უკრაინის არმია, მართალია, ბრძოლებით დაქანცულია, მაგრამ მას ჯერ კიდევ შესწევს ძალა 1000-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ეფექტური თავდაცვის ორგანიზება მოახერხოს, თუ კიევი თავის რესურსებს ეკონომიურად, მაგრამ მიზანმიმართულად გამოიყენებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამ მხრივ რუსული გამოცდილებით ისარგებლებს: კიევმა კარგად გამოსცადა საკუთარ თავზე, თუ რაოდენ მტკიცე აღმოჩნდა რუსეთის მიერ აგებული თავდაცვითი ზღუდეები უკრაინის სამხრეთში და ახლა თვითონაც შეეცდება იგივენაირად მოიქცეს, თავისი პოზიციების გასამაგრებლად.
„მომავალი წელი უკრაინის არმიის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს“, – ამბობს მაიკლ კოფმანი, – „კიევისათვის აუცილებელია ჯარში გაწვევის სისტემისა და პირადი შემადგენლობის მომზადების გაუმჯობესება… თუ ეს არ მოხდება, მაშინ მომავალი წელი გარდამტეხი აღმოჩნდება: უკრაინა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო არამომგებიან სიტუაციაში ჩავარდება“.