თუ ვინმეს ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას. რომ ამბობენ, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს! – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ ეს სტატუსი ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე დაიმსახურა.
„არც ერთი ქვეყანა არ არის იდეალური, მათ შორის არც ერთი ევროპული სახელმწიფო არ არის იდეალური. ასე რომ, ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, არის როგორც შავი და თეთრი, ასეთი მკვეთრი განსხვავება არის, რაც ჩავიბარეთ და რა შედეგი დავდეთ ამ ცხრა წლის განმავლობაში. ვალდებულად მიმაჩნია, ჩვენს მოქალაქეებს ეს ყველაფერი ანგარიშის სახით ჩავაბარო და შევახსენო, მას შემდეგ, რაც სრული ფიასკო განიცადეს, ამ მეხუთე კოლონამ და ქვეყნის მტრებმა, მიზნად დაისახეს, რომ სტატუსთან დაკავშირებით, ჯერ დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება. ჯერ დაველოდოთ რა გადაწყვეტილება იქნება. თუ ვინმეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას. რომ ამბობენ, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსი მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა თავისი 30- წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე დაიმსახურა და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე. ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ, ეს ვთქვი საჯაროდ, დავოსშიც, ბრატისლავაშიც, ბრიუსელშიც, ჩვენ არაფერს განსაკუთრებულსა და დაუმსახურებელს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს.
თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება სამართლიანი, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისად, როგორც მე ეს ვთქვი, ჩვენს მოსახლეობას, ხალხს, თანამოქალაქეებს ავუხსნით ყველაფერს დეტალურად რა იყო ის მთავარი გამომწვევი მიზეზები, რის გამოც თუნდაც, ის სამარცხვინო რეზოლუცია იქნა მიღებული“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.