თუ გადაწყვეტილება იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ გზას ევროინტეგრაციისთვის, იმისთვის, რომ მოვხვდეთ დიდ ოჯახში, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია, თუმცა მგონია, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირის სტატუსის მიღების პროცესში ოპონენტებისგან „კარგს არაფერს“ ელის.
ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, როდესაც ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები და ხდება შეურაცხმყოფელი რეზოლუციის მიღება, რომელიც პირდაპირი შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის, “რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამას ყოველთვის შესაბამისი პასუხები მოჰყვება”.
„ოპონენტებისგან არაფერს კარგს არ ველოდებით, გარდა იმისა, მათი მცდელობა არის და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ ეს სტატუსი არ მიიღოს. თუმცა მოლოდინებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღოს. თუ გადაწყვეტილება იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ გზას ევროინტეგრაციისთვის, იმისთვის, რომ მოვხვდეთ დიდ ოჯახში, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია, თუმცა მგონია, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი.
რაც შეეხება ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებას და რეზოლუციას, როდესაც ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები, როდესაც ხდება შეურაცხმყოფელი რეზოლუციის მიღება, რომელიც პირდაპირი შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას ყოველთვის შესაბამისი პასუხები მოჰყვება“, – განაცხადა კალაძემ.