ლაითურში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სრულიად ახალი ტიპის, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა.
“ლაითურის პენიტენციური დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს ევროპის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კომიტეტის (CPT) ყველა რეკომენდაციას. ის სრულად არის მორგებული როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებს.
მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისებით, სპორტული ინფრასტრუქტურით, სხვადასხვა პროფესიის დაუფლების ყველა საშუალებით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიით ციფრული უნივერსიტეტისთვის, საიდანაც მსჯავრდებულები ონლაინ შეძლებენ ლექციებზე დასწრებას და ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციას.
მსჯავრდებულთა უსაფრთხოებაზე, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და სასჯელის აღსრულებაზე პენიტენციური დაწესებულების 250-მდე თანამშრომელი იზრუნებს, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან კომფორტული სამუშაო პირობებით, მათ შორის – უფასო კვებით, ტრანსპორტირებით; როგორც სპორტული, ისე მოსასვენებელი სივრცეებით.
დაწესებულებაში, ასევე, გაიხსნა იუსტიციის სახლი, რომელიც მსჯავრდებულებისა და თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლების ფილიალების მუშაობა ქართული ინოვაციაა და მას პრეცედენტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს. დაწესებულება სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.
ღონისძიებაზე RE-BOX-ის პროექტის საჩვენებელი ვერსიის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც მსჯავრდებულებისთვის ციფრული ტექნიკის საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობისა და რესოციალიზაციის პროექტებზე ეფექტიანობის ასამაღლებლად ციფრული მმართველობის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით შეიქმნა.
ლაითურის ციხე მცირე ზომის, უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისი პირველი დაწესებულებაა. დიდი ზომის ციხეების მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებით ჩანაცვლება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია და მიზანი ქართული პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებაა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლაითურის №1 პენიტენციური დაწესებულების გახსნას ესწრებოდნენ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.