„ჰამასი“ ისლამური სამყაროს ქვეყნებს მოუწოდებს, „გადავიდნენ პრაქტიკულ ქმედებებზე, რომლებიც ღაზაში ადამიანების დაღუპვას შეაჩერებდა”.
როგორც თურქულ მედიას “ჰამასის” პოლიტბიუროს წევრმა, აბუ მარზუკმა განუცხადა, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი შეიძლება, იყოს ისრაელისთვის ნავთობის მიწოდების შეწყვეტა.
„წინა არაბული ომების დროს „არაბული საქმის“ მხარდასაჭერად იყო შემოღებული ნავთობის ემბარგო, ჩვენ ეს კარგად ვიცით. დღესაც შეიძლება ნავთობის მიწოდების შეწყვეტა მათთვის, ვინც ეხმარება სიონისტური წარმონაქმნის არსებობას“, – განაცხადა აბუ მარზუკმა.
მან ასევე თქვა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა “აშშ-ზეა დამოკიდებული”.
“ომს მთლიანად აშშ აკონტროლებს, რომელიც ყველაზე დიდი დაბრკოლებაა ცეცხლის შეწყვეტის გზაზე. ცეცხლის შეწყვეტა შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული”, – თქვა მან.
მარზუკის თქმით, “ჰამასის” მიზანია დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნა.
„ჩვენ გავეშურეთ ჩვენი ხალხისთვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად, რომლის დედაქალაქი იერუსალიმია“, – თქვა “ჰამასის” წარმომადგენელმა.