ევროკომისიის დღევანდელი რეკომენდაცია უდავოდ მნიშვნელოვანია მომავალი ევროინტეგრაციისთვის, თუმცა ის გრძელი ჩამონათვალი პირობების, რაც დაეკისრა ჩვენს ქვეყანას, სწორედ ხელისუფლების „დამსახურებაა“, – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი, ევროკომისიის დასკვნას, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.
გიგი წერეთლის თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ დიდი ნაბიჯი გადადგეს წინ და ისინი უკვე გაწევრიანების მოლაპარაკებას დაიწყებენ.
მისივე თქმით, უკრაინის თავგანწირვა დიდი ფაქტორია, თუმცა მოლდოვამ მართლაც აჩვენა ერთგულება რეფორმების და დამსახურებულად გადავიდა შემდეგ ეტაპზე.
“ჩვენს ხელისუფლებას მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ არ ეწარმოებინა ანტიდასავლური კამპანია და განეხორციელებინა რეფორმები, დღეს ჩვენ ისევ „ტრიოს“ ნაწილი ვიქნებოდით და არა პირობით რეკომენდაცია გვექნებოდა, არამედ იგივე პირობებში ვიქნებოდით უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
წერეთელი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საბოლოო დამტკიცების შემთხვევაშიც დეკემბერში, კანდიდატის სტატუსი დარჩება სტატუსად თუ ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს და არ არის თანხვედრაში ევროპულ პოლიტიკასთან რუსულის ნაცვლად.
“ის, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს ევროპული მომავალი სურს ევროკავშირის წევრობისთვის, უმნიშვნელოვანესია მაგრამ არა გადამწყვეტი. ამ საკითხზე არაერთხელ გააკეთეს აქცენტი დასავლელმა ლიდერებმა. მათ შორის დღესაც მკაფიოდ აღინიშნა, რომ ეს მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებში, რაც დღეს არსებულ ვითარებაში არარეალურია.
კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ კიდევ უფრო მკაფიო ხდება მმართველობის დემოკრატიული არჩევნებით ცვლილების ამოცანა, იმისათვის, რომ სწორედ ახალმა პროდასავლურმა ხელისუფლებამ სწრაფად გაიაროს წევრობამდე არსებული გზა და ის აუცილებელი რეფორმები განახორციელოს, რაც პირველ რიგში, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას სჭირდება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.