2020 წელს ჩვენ როდესაც დავაანონსეთ, რომ აუცილებლად დავწერდით განაცხადს და გავხდებოდით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები, მაშინ ოპოზიციიდან მხოლოდ დაცინვა და ქილიკი გვესმოდა. დღესაც იგივე ხდება. მგონი, ჩვენზე უტიფარი ოპოზიცია არავის ჰყავს, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
ბექა ოდიშარიას თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ახალ ნარატივს ქმნის, თითქოს, „ქართულ ოცნებას“ ეწყინა კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის გაცემა.
მისივე განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებას არ აცდიდა სტატუსის მისაღებად მუშაობას, ახლა კი, როდესაც შედეგი მიღწეულია, ოპოზიცია ცდილობს, ეს გამარჯვება საკუთარ თავზე მიიწეროს.
„მთელი წელი, პრაქტიკულად, გვბომბავდნენ ხელისუფლებას და ხალხს და ამკვიდრებდნენ ამ სულელურ ნარატივს, ვითომ ხალხი და ხელისუფლება სხვადასხვაა. კონსტიტუცია მაინც წაიკითხონ. მესამე მუხლში წერია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს თავის წარმომადგენლებით. ჩვენ ვართ ხალხის წარმომადგენლები. ოპოზიციამ რაც ჩაატარა მთელი წლის განმავლობაში, მგონი, ასე არ უმტრია ჩვენი ქვეყნისთვის არავის. დღეს დადგნენ „კაპიტანი“ გიგაური და სალომე სამადაშვილი და თქვეს, რომ ჩვენი მონაპოვარი არისო, ვულოცავ მათაც, მაგრამ ხალხს ალბათ სასაცილოდაც არ ჰყოფნის“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის გარკვეული აქტივობები განსახორციელებელი, რათა საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს და ამ მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარლამენტი და სხვა უწყებები აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას.