ომი, ნავთობი და ოქრო -ავთანდილ წულაძე

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ახალი პროგნოზი იმის შესახებ თუ როგორ იმოქმედებს ნავთობის და სხვა ნედლეულის ფასებზე ომი ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში. https://www.worldbank.org/en/news/press-release/2023/10/26/commodity-markets-outlook-october-2023-press-release

მსოფლიო ბანკი გვთავაზობს მოვლენების განვითარების სამ სცენარს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ინტენსივობიდან გამომდინარე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის ნავთობის ფასი ოდნავ გაიზარდა – 6%-ით. თუ კონფლიქტი ლოკალური იქნება და დიდხანს არ გაგრძელდება, მაშინ ნავთობის ფასი მიმდინარე წელს ბარელზე 90 დოლარის ფარგლებში იქნება, ხოლო 2024 წელს ბარელზე 81 დოლარამდე დაეცემა. ნავთობზე ფასების კლება მომავალ წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების გამო მოხდება.

თუ კონფლიქტი გაფართოვდება, ანგარიშის ავტორები განიხილავენ მისი ესკალაციის და ნავთობის ფასების ზრდის სამ სცენარს.

პირველი სცენარი გულისხმობს კონფლიქტის გაფართოებას ახლო აღმოსავლეთში და ნავთობის მიწოდების უმნიშვნელო შეფერხებებს მსოფლიო ბაზარზე. ნავთობის მარაგი შეიძლება შემცირდეს 500 000-დან 2 მილიონ ბარელამდე დღეში. ნავთობის მარაგების ასეთი შემცირება დაფიქსირდა 2011 წელს ლიბიაში სამოქალაქო ომის დროს. თუ ეს სცენარი განხორციელდება, ნავთობის ფასი შეიძლება გაიზარდოს 93 დოლარიდან 102 დოლარამდე ბარელზე.

მეორე „საშუალო დესტაბილიზაციის“ სცენარი ემყარება იმ ვარაუდს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი 2003 წელს ერაყის ომის მასშტაბებს მიაღწევს. ამ შემთხვევაში, გლობალური ნავთობის მარაგი შემცირდება 3-5 მილიონი ბარელით დღეში. ეს გამოიწვევს ნავთობის ფასის 109-121 დოლარამდე ზრდას ბარელზე.

მესამე სცენარი ნავთობის მიწოდების სერიოზულ შეფერხებებს გულისხმობს. მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსები ამას ადარებენ 1973 წლის ნავთობის ემბარგოს, რომელიც არაბულმა ქვეყნებმა გამოაცხადეს. ამ შემთხვევაში ნავთობის გლობალური მარაგი დღეში 6-8 მილიონი ბარელით შემცირდება. ნავთობის ფასი 140-157 დოლარამდე ბარელზე გაიზრდება.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ მესამე სცენარის რეალიზების შემთხვევაში მსოფლიო ეკონომიკას ორმაგი ენერგეტიკული შოკი დაემუქრება. 1970-იანი წლების შემდეგ ენერგეტიკული ბაზრების პირველი უდიდესი შოკი უკრაინაში ომის დაწყებას უკავშირდებოდა. ამან ნავთობზე, ბუნებრივ გაზზე და სხვა საქონელზე ფასების ზრდა გამოიწვია.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია მეორე დარტყმა იქნება ენერგეტიკული ბაზრისთვის. ეს აგრეთვე გამოიწვევს სურსათზე ფასების ზრდას და საფრთხეს შეუქმნის გლობალურ ეკონომიკურ ზრდას. გლობალური ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩინეთია, მაგრამ ჩინეთის ეკონომიკა შენელებულია ვალის მაღალი ტვირთის და უძრავი ქონების ბაზარზე არსებული კრიზისის გამო. მსოფლიო ბანკის ანგარიშის ავტორები სიფრთხილეს იჩენენ თავიანთ დასკვნებსა და პროგნოზებში. მაგრამ აშკარაა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოებამ და ნავთობის ფასების მკვეთრმა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რომლის შედეგებსაც დღეს ვერავინ იწინასწარმეტყველებს.

რომელი სცენარი განხორციელდება, ჯერ კიდევ სადავო საკითხია. მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ სიტუაცია განვითარდება კონფლიქტის ესკალაციის სცენარის მიხედვით. ეს არის ოქროს ფასები. ომისა და კონფლიქტების პერიოდებში ოქროს ფასი იზრდება, რადგან ინვესტორები ამჯობინებენ რისკების ჰეჯირებას და ოქროს ყიდვას. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე ოქროს ფასი იზრდება…

 

ავთანდილ წულაძე

პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი