ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინის არმიის მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ამბობს, თუ რა არის აუცილებელი რუსეთზე გამარჯვებისათვის, მაგრამ აღიარებს, რომ ომი ჩიხში შევიდა“.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
ხუთთვიანი კონტრშეტევის შედეგად უკრაინის ჯარებმა წინ მხოლოდ 17 კილომეტრით წაიწიეს. რუსეთი მთელი ათი თვის განმავლობაში იბრძოდა ბახმუტისათვის, რათა ქალაქის ექვსკილომეტრიანი სიგრძის მქონე ტერიტორია დაეკავებინა“, – უზიარებს The Economist-ს თავის შთაბეჭდილებებს ინტერვიუში უკრაინის არმიის მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი. იგი ამბობს, რომ ბრძოლის ველი ასი წლის წინათ მომხდარ დიდი ომის სურათებს ახსენებს: „ზუსტად ისევე, როგორც პირველი მსოფლიოს ომის დროს იყო – ჩვენ ტექნოლოგიის ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომელსაც ჩიხში შევყავართ“, – ამბობს მთავარსარდალი. იგი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ჩიხიდან გამოსასვლელად საჭირო გახდება მასშტაბური ტექნოლოგიური ნახტომის განხორციელება. გარდა ამისა, იგი ასკვნის, რომ სავარაუდოდ, ისეთი ღრმა და შთამბეჭდავი გარღვევა ფრონტზე არ იქნება, როგორსაც ელოდნენ,“.
კონტრშეტევის მსვლელობამ დასავლეთს იმედები გაუცრუა. დასავლეთს ეგონა, რომ უკრაინას შეეძლო ეჩვენებინა რუსეთისათვის, რომ კრემლი ომს ვერ მოიგებს და აქედან გამომდინარე, ვლადიმერ პუტინს გათვლების კორექტირება მოუწევდა – კიევი აიძულებდა მოსკოვს მოლაპარაკებაზე დათანხმებულიყო. კონტრშეტევამ ასევე აჩვენა თვითონ გენერალ ვალერი ზალუჟნის რწმენის მცდარობაც, რომ მას შეუძლია რუსეთის არმია სისხლისგან დაცალოს, ბრძოლისუუნარო გახადოს და შეაჩეროს. „ეს ჩემი შეცდომა იყო“, – აღიარებს გენერალი, – „რუსეთმა არანაკლებ 150 ათასი მეომარი დაკარგა. ნებისმიერი ქვეყანა ასეთი მსხვერპლის გამო შეჩერდებოდა“. მაგრამ არა რუსეთი, სადაც ადამიანის სიცოცხლე არ ფასობს და სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ორიენტირებს პირველი და მეორე მსოფლიო ომები წარმოადგენს, რომლებშიც რუსეთმა ათობით მილიონი ჯარისკაცი დაკარგა.
უკრაინის დონის არმიას, როცა რუსეთის თავდაცვის ზღუდეების გარღვევა დაიწყო, წინსვლა დღეში 30 კილომეტრით მაინც უნდა განეხორციელებინა: „თუ თქვენ ნატოს სახელმძღვანელოებში ჩაიხედავთ, რომლებიც ჩვენ კარგად შევისწავლეთ [კონტრშეტევის დაგეგმვის დროს], მათი მიხედვით, ოთხი თვე საკმარისი უნდა ყოფილიყო ყირიმში ჩვენი ოთხჯერ შესვლისათვის“, – სარდონისებური მწარე ღიმილით ამბობს ვალერი ზალუჟნი, – სინამდვილეში კი მე ვხედავდი, თუ როგორ ფეთქდებოდა ჩვენთვის დასავლეთის მიერ მოწოდებული ტექნიკა რუსების ნაღმებზე, როგორ გვბომბავდა მძიმე არტილერია და ავიაცია“.
„ჯერ მე ვიფიქრე, რომ ჩვენი მეთაურები ბრძანებებს კარგად ვერ ასრულებენ-მეთქი და ზოგიერთი თანამდებობიდან გავათავისუფლე. ჯარისკაცებიც ჩავანაცვლე, მაგრამ როცა საქმეს მაინც არ ეშველა, მაშინ გამახსენდა, რომ აკადემიაში სწავლის დროს ვნახე წიგნი სახელწოდებით „თავდაცვის ზღუდეების გარღვევა“, რომელიც 1941 წელს საბჭოთა გენერალ-მაიორ პ.სმიროვის ავტორობით გამოქვეყნდა. ჩვენ სწორედ მისი შესწავლა გვჭირდებოდა“, – ამბობს გენერალი.
ვალერი ზალუჟნი „ეკონომისტთან“ საუბრის დროს ასახელებს უკრაინის არმიის ოთხ პრიორიტეტს:
ჰაერში გაბატონება
რასაკვირველია, საარტილერიო ჭურვები და რაკეტები უკრაინის არმიას ჭირდება, მაგრამ უპირველესად დღეს ავიაციიაში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებაა აუცილებელი. „ყოველი სახმელეთო ოპერაციის წარმატებას ჰაერიდან მხარდაჭერა უზრუნველყოფს, უკრაინას კი ომის დასაწყისში მხოლოდ 120 საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავდა, თუმცა მათ მესამედს ჰაერში აფრენა არ შეეძლო“. დღეს რუსული ავიაცია უკრაინის ცაში ბატონობს, რუსული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ უკრაინის თვითმფრინავები თითქმის სულ ჩამოყარა.
სხვათა შორის, ამერიკული თვითმფრინავები „ფალკონები“ (F-16-ები), რომელიც ჩვენ გაისად უნდა მივიღოთ, შეიძლება უსარგებლო აღმოჩნდეს. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი ომის განმავლობაში სწრაფად აუმჯობესებს თავის ფრონტულ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, უკვე იყენებენ ექსპერიმენტული საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. „რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეული საპასუხო ზომები მივიღეთ – დრონების წარმოების გაზრდის სახით. დღეს ჩვენთვის უპილოტო საფრენ აპარატებს დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა ვისარგებლოთ ახალი შემტევი დრონებით და მიზანს ამცდენი საფრენი აპარატებითაც“.
რადიოლექტრონული ბრძოლა
ომის განმავლობაში უკრაინამაც გააუმჯობესა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და რუსეთმაც. ეს ძირითადად ეხება დრონებისა და რაკეტების, აგრეთვე მართვადი საარტილერიო ჭურვების (ასევე საავიაციო ბომბების) გაუვნებლობას მცდარი რადიოსიგნალების მეშვეობით. რუსეთის აქტიურად სარგებლობს შემტევი და სადაზვერვო დრონებით, რომლებიც, დიდი რაოდენობით შეისყიდა ირანში და მათ მოდერნიზებას ახდენს. „მართალია, ზოგიერთი ანალიტიკოსი დამცინავად ლაპარაკობს რუსეთზე, მაგრამ უკრაინის არმიამ საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული შეიარაღებისა და დაზვერვის ეფექტურობა, ამიტომ მტრის უპირატესობა არ უნდა შევამციროთ და ვეცადოთ მის გაუვნებლობას“, – ამბობს ვალერი ზალუჟნი.
ბრძოლა რუსული არტილერიის წინააღმდეგ
მესამე პრიორიტეტად ვალერი ზალუჟნი ასახელებს ბრძოლას მტრის არტილერიის წინააღმდეგ, ანუ კონტრსაბატარეიო ბრძოლას. იგი ხაზს უსვამს, რომ საბრძოლო დავალებების შესრულება ხშირად 80%-ით არის დამოკიდებული არტილერიის (ჰაუბიცების – სტაციონარული და თვითმავალი სახით) წარმატებით გამოყენებაზე. ასევე საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე. დღეს უკრაინას აქვს როგორც საკუთარი („ბუკები“), ასევე დასავლეთის მიერ მიწოდებული (ATCAMS, Patriot და ა.შ.).
დანაღმული ველების გადალახვა
მესამე პრიორიტეტი დანაღმული ველების გადალახვის საშუალებების შეძენა. ომამდე უკრაინას ჰქონდა მსგავსი მოწყობილობები, მაგრამ მათი უმრავლესობა ან მოძველებული იყო, ან არ მუშაობდა. როცა დასავლეთის მიერ მიწოდებული ტანკები ბრძოლის ველზე იქნენ გაყვანილი, ისინი დანაღმულ ველებზე აფეთქდნენ. არსებული ნაღმსაწინააღმდეგო ტრალები არაფექტურები აღმოჩნდნენ, მით უმეტეს, რომ რუსეთმა ჰაერიდან დაიწყო ადგილების დანაღმვა. უკრაინას ჭირდება რადარები, რომლებიც დამალულ ნაღმებს იპოვიან თვალით უხილავი იმპულსური გამოსხივებით, ჭირდებათ წყალსატყორცნები და ნაღმების ამფეთქებელი კასეტური საბრძოლომასალები, ახალი ტიპის სამხედრო ექსკავატორები.
სამხედრო მოსამსახურეების რეზერვი
მეხუთე და ბოლო პრიორიტეტად უკრაინის არმიის მთავარსარდალი ასახელებს ადამანთა (სამხედრო მოსამსახურეთა) რესურსების შექმნას. რუსეთმა ვერ გამოიყენა სრულყოფილად თავისი უპირატესობა ცოცხალი ძალის თვალსაზრისით – ვლადიმერ პუტინმა ვერ გარისკა საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება, რადგან ამით პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევდა. მაგრამ არც უკრაინელები არ გამოირჩევიან დიდი წარმატებით არმიის ახალწვეულებით განმტკიცების სფეროში. ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ არის გაქცეული, ხოლო ვისაც ჯარში იწვევენ, მათი მომზადებაც პრობლემატურია – უკრაინის არმიას არ შეუძლია ფრონტიდან ზურგში ინსტრუქტორები გაგზავნოს ახალწვეულთა მხედრულად „აღსაზრდელად“. აუცილებელია აგრეთვე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაც.
მოკლედ, გენერლის თქმით, რუსეთის სათანადოდ შეუფასებლობა დიდი შეცდომა იქნება. კრემლმა დიდი ზარალი განიცადა და უამრავი საბრძოლო მასალა დახარჯა, მაგრამ სიმართლე უნდა ვაღიაროთ: რუსეთს კიდევ დიდხანს ექნება უპირატესობა შეიარაღებაში, ტექნიკაში, რაკეტებში და ავიაციაში. რუსეთის თავდაცვითი მრეწველობა, სანქციების მიუხედავად, გამალებული ტემპებით მუშაობს და დიდი ხანია საომარ რელსებზეა გადაყვანილი. რასაკვირველია, ნატოს წევრი ქვეყნებიც სამხედრო მრეწველობაც მატულობს, ხდება მისი „გასამხედროებაც“, მაგრამ, რუსეთისაგან განსხვავებით, ალიანსს ამისათვის დრო ჭირდება.