სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე პლენარული სესიის ფარგლებში მიიღეს რეზოლუცია უკრაინაში ომის საწინააღმდეგო პოლიტიკური აქტივისტებისა და პატიმრების მდგომარეობის შესახებ.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ. ასევე ნათქვამია, რომ რუსეთში შეიზღუდა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რაც მიუღებელია. რეზოლუციის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის რეპრესიების შედეგად, დაზარალდნენ როგორც უკრაინელები, ასევე ყირიმელი თათრები.
„ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე პლენარული სესიაზე მიღებული რეზოლუცია გმობს რუსეთის ხელისუფლების მზარდ რეპრესიებს. სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც უსამართლოდ არის ციხეში საკუთარი აზრის გამოხატვის გამო, მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა მშვიდობიანი მოქალაქე.
მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას აქტიურ ჩაერთონ რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლაში.
აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს კონგრესმა უკრაინის დელეგაციის ყველა ჩასწორება გაითვალისწინა, გარდა ერთისა, რომლითაც უკრაინული მხარე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდა. სააკაშვილის გვარი უშუალოდ რეზოლუციის მიღების წინ გაჩნდა ტექსტში, რაც რეზოლუციის მომხსენებლისთვისაც კი არ იყო ცნობილი. კონგრესმა შესწორება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა საერთოდ ამოიღო და შესწორება შემდეგი სახით მიიღო : კონგრესი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა მშვიდობიანი სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტი და პოლიტიკური ოპონენტი, ვისაც აღკვეთილი აქვს თავისუფლება რუსეთსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.