„ჭორვილაში კიდევ ერთხელ დავინახეთ მშიშარა რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სახე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ქართული ოცნების“ სიმბოლოა კვერცხი და ქვა, – ამის შესახებ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ.
დღეს, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, რესპუბლიკის მოედნიდან ჭორვილამდე მსვლელობა გამართა. ადგილზე ჩასულებს კი ადგილობრივები დაუპირისპირდნენ, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მათ ხელისუფლება თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავს. მან სოფელ ჭორვილას შესასვლელში მდგარ ტრაფარეტზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები გააკრა.
„ჩვენ დღეს დავინახეთ „ქართული ოცნების“ მშიშარა რუსი ოლიგარქის და მისი მშიშარა პოლიტიკური ინსტრუმენტების სახე კიდევ ერთხელ დავინახეთ და დავრწმუნდით, რომ „ქართული ოცნების“ სიმბოლო არის კვერცხი და ქვა. დიახ, მშვიდობიანად ჩამოსულ მოქალაქეებს ასე მოგვექცნენ, ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად დასრულდება ეს ყველაფერი ჩვენ ქვეყანაში.
დღეს ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ ჭორვილაში, რატომ? რადგან ეს არის რუსი ოლიგარქის მშობლიური სოფელი, რუსი ოლიგარქის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქართველები ჩაანაცვლოს რუსებით, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქართველები გაგვარუსოს და საქართველო გაარუსოს, რომელიც დეკლარირებულად გვაყენებს რუსეთის გვერდით. რუსი ოლიგარქი, რომელსაც ტყვეობაში ჰყავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც შექმნა ეს სახელმწიფო და რუსი ოლიგარქი, რომელიც ანგრევს ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2012 წელს არავინ არ იბრძოდით იმისათვის, რაც დღეს ხდება, იმისათვის, რომ დაგვეკარგა თავისუფლება, იმისათვის, რომ ჩვენი შვილებისთვის დაგვეკარგა ევროპული მომავალი, მაგრამ რეალურად დღეს მივიღეთ ის, რომ ყველაფერს აკეთებს რუსი ოლიგარქი მის პოლიტიკურ ინსტრუმენტებთან ერთად, რომ ჩვენი ქვეყანა – საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ აქციოს, მაგრამ ის ამას ვერ შეძლებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ ჩვენივე ქვეყანაში გვეზღუდება თავისუფლად გადაადგილება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და პირადად მე, სოფო ჯაფარიძე ამაში ძალიან დიდ წვლილს შევიტან. ჩავალ ყველგან, სულ რომ მარტო მომიწიოს სიარული, ვიქნები ყველგან, ყველა ჩვენს მოქალაქესთან და აუცილებლად კიდევ უფრო კარგად დავანახებთ ჩვენს მოსახლეობას თუ რამხელა საფრთხეს გვიქმნიან და რამხელა საფრთხეს უქმნიან ჩვენს ქვეყანას, არ გავარუსებინებთ ჩვენს ქვეყანას და ქართველებს რუსებით არ ჩავანაცვლებინებთ. დიახ, ჭორვილა, ეს ულამაზეს ადგილი აუცილებლად იქნება ევროპული სოფელი და ამისთვის მე ყველაფერ გავაკეთებ.“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ