ისრაელი „ღირებულებებისთვის ომს“ მოიგებს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა. შტატების მთავარი დიპლომატისგან კი, ურყევი მხარდაჭერის პირობა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ბლინკენის არაბული ქვეყნების ტურნე ისრაელში სრულდება, თუმცა თელ-ავივში ჩასვლის შემდეგ, გეგმები შეცვალა და იორდანიის დედაქალაქში გაემგზავრება.
„ნება მომეცით, გითხრათ, ბატონო მდივანო, ეს იქნება ხანგრძლივი ომი. საფასური მაღალი იქნება, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას – ისრაელისთვის, ებრაელი ხალხისთვის და იმ ღირებულებებისთვის, რომლისაც ორივე ქვეყანას სჯერა“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
„თქვენ იცით, ჩვენი ღრმა ერთგულება ისრაელის უფლებისადმი, მისი ვალდებულების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი და დაიცვას თავისი ხალხი. ამაში თქვენ ყოველთვის გქონდათ შეერთებული შტატების მხარდაჭერა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.