პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტი 45 დღეში, ახალი წესით უნდა აირჩეს, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ახალი წესით პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიამ უნდა აირჩიოს.
„სასამართლოსგან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას 9-დან 6 ხმა სჭირდებოდა. ზუსტად 6 ხმა მოგროვდა. მხარდამჭერთა შორის არის თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ დანიშნული მოსამართლე; პარლამენტმა 14 დღეში უნდა გადაწყვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს თუ არა. ამისთვის 100 ხმაა საჭირო. ოფიციალურად „ოცნება“ ამდენ მანდატს ვერ აკონტროლებს; პარლამენტი ვალდებული არ არის სასამართლოს მხრიდან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურების შემდეგ მას იმპიჩმენტი ავტომატურად გამოუცხადოს. შეუძლია თქვას, რომ მიუხედავად ამისა, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრეზიდენტის გადაყენებას; გადაყენების შემთხვევაში ახალი პრეზიდენტი 45 დღეში უნდა ავირჩიოთ; არჩევის წესი ახალია. პრეზიდენტს პირდაპირი გზით აღარ ავირჩევთ. ამას გააკეთებს საარჩევნო კოლეგია“, – წერს ვახუშტი მენაბდე.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. ამასთან, როგორც ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ – ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა ჰქონდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.