პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის საფუძველზეც მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის მატარებელ პირთა წრე ფართოვდება.
“სამოქალაქო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით – 96 ხმით, ერთხმად მიიღეს.
პროექტის თანახმად, მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი:
რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;
რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;
თუკი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
თუკი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
ცვლილება შედის “საგადასახადო კოდექსშიც“, რომლის თანახმად, კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი გავრცელდება როგორც მარტოხელა დედაზე, ასევე მარტოხელა მამაზე.