“სიტყვა “ევროპის” დეფინიცია ყოველთვის იყო როგორც შთამაგონებელი, ასევე არათანმიმდევრული, თუმცა ამას მისი გაფართოების პროცესი არ შეუჩერებია”-The Economist

ბრიტანული ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით “სიტყვა “ევროპის“ დეფინიცია ყოველთვის იყო როგორც შთამაგონებელი, ასევე არათანმიმდევრული, თუმცა ამას მისი გაფართოების პროცესი არ შეუჩერებია”.

მასალაში ევროპა განხილულია როგორც გეოგრაფიული, პოლიტიკური და კულტურული სივრცე. სტატიაში ასევე გადმოცემულია, თუ რა შემთხვევაში იქნება საქართველო ნახევრად ევროპული ქვეყანა, ან რატომ და როგორ დარჩებიან სომხეთი და აზერბაიჯანი ევროპის მიღმა.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
საინტერესოა, რომ დედამიწის ერთადერთი მრავალეროვნული კონტინენტი ევროპა, რომელსაც მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, ეფექტურად მართვადი დემოკრატიული მთავრობები ჰყავს, სინამდვილეში კონტინენტად არ ითვლება. დიდ ბრიტანეთში ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეებმა შეიძლება „ევროპა“ კონტინენტად ჩათვალონ, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ენა კუნძულზე განვითარდა, ევროპის სანაპიროსაგან მოშორებით.
ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ევროპა ევრაზიის ნაწილია, მაგრამ გეოგრაფების წინაშე ერთი მუდმივი კითხვა დგას: სად იწყება და სად მთავრდება ევროპა? განსაკუთრებით გაურკვეველია აღმოსავლეთი საზღვარი: ამჟამინდელი კონსენსუსის თანახმად, ის იწყება რუსეთში, ურალის მთების ჩრდილოეთით, ყინულოვანი ოკეანის ნაპირზე, მოდის სამხრეთით, მიჰყვება ქედს და მდინარე ურალს, შემდეგ კი გარკვეულ მონაკვეთში საზღვარი „ბუნდოვანი ხდება“ (კასპიის ზღვის გამო), თუმცა ზღვის დასავლეთ ნაპირზე კავკასიის წყალგამყოფს ქედს მიჰყვება შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირამდე. ევრაზიის ასეთი გამიჯვნა „ნახევრადევროპელად“ წარმოაჩენს არამარტო რუსეთს, თურქეთს და საქართველოს, არამედ ყაზახეთს და, შესაძლოა, აზერბაიჯანსაც. რაც შეეხება სომხეთს, ის საერთოდ ევროპის მიღმა რჩება, თუმცა ბევრი სომეხი ამას არ დაეთანხმებოდა. ასე რომ, ევრაზიის ასეთი გაყოფა უფრო რაღაც დიდმნიშვნელოვანია, ვიდრე გეოგრაფიული ცნება.

მაგრამ სხვაგვარი განმარტებებიც ზუსტი არ არის და მათ დაბნეულობამდე მივყავართ. თუ „ევროპად“ იმას ვიგულისხმებთ, სადაც ევროპული სახელმწიფოების ძალაუფლება (ხელისუფლება) ვრცელდება, მაშინ ევროპა ამერიკის ნაპირებთან, კარიბის ზღვაშიც ყოფილა (სენ-მარტინის კუნძულის ნახევარი ნიდერლანდებს ეკუთვნის, ნახევარი – საფრანგეთს). თუ ევროპას კულტურის თვალსაზრისით განვსაზღვრავთ, მაშინ შევამჩნევთ, რომ ესპანელები ძალიან ჰგავნან მექსიკელებს, ხოლო ბერძნული უზო და ლიბანური არაყი – ერთი და იგივე სასმელია. თუ გარკვევას პოლიტიკური ფასეულობების მიხედვით დავიწყებთ, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ ევროპის მიღმა არსებული ბევრი ქვეყანა დემოკრატიულობით უფრო მეტად ევროპულია, ვიდრე ევროპის შიგნით მდებარე ზოგიერთი სახელმწიფო.

რელიგიური ფანატიზმი და ულტრანაციონალიზმი ჩვენს ეპოქაში არაევროპულ მახასიათებლებს წარმოადგენენ.
ეს ყველაფერი უწყინარ აკადემიურ მსჯელობას დაემსგავსებოდა, რომ არა ერთი ფაქტი: საქმე იმაში გახლავთ, რომ ევროპის ზუსტი განსაზღვრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. ამჟამინდელი სერიოზული პრეტენდენტებიდან – ექვსი ქვეყანა დასავლეთ ბალკანეთიდან, პლუს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა – უმრავლესობა გეოგრაფიულად განსაზღვრულ კონტინენტზე მდებარეობენ. ისინი ევროკავშირში ჯერ არ გაწევრიანებულან, რადგან ვერ აკმაყოფილებენ მიღების კრიტერიუმებს. მაგრამ თვით ეს კრიტერიუმებიც კი მრავალსაუკუნოვანი დებატების შედეგს წარმოადგენენ იმისდა მიხედვით, თუ რას ნიშნავს იყო ევროპელი. ევროკავშირის ამომრჩეველთა შინაგანი წარმოდგენები, თუ ვის ეკუთვნით ევროკავშირის წევრობა, ისტორიით არის ფორმირებული.

ევროპის იდეა ძველ ბერძნებში ჩაისახა, რომლების დიდი ხნის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდნენ დესპოტურ და ბარბაროსულ აზიას. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ერთიანი ევროპის იდეა დრო და დროს იბადებოდა ხოლმე. შუა საუკუნეებში ეს ნიშნავდა ქრისტიანული სამყაროს გაერთიანებას ისლამის წინააღმდეგ. მე-17 – მე-18 საუკუნეებში, როცა რელიგიური და იმპერიული ომები ბობოქრობდნენ, საერო იდეებიც ვრცელდებოდა: 1712 წელს აბატმა სენ-პიერმა ერთიანი „ევროპული კავშირის“ შექმნისაკენ მოუწოდა, ხოლო 1795 წელს ემანუელ კანტმა თავის „მარადიულ მშვიდობაში“ რაღაც მსგავსი იდეა შემოგვთავაზა. სამწუხაროდ, ერთმა პიროვნებამ, რომელიც იმ ეპოქაში სწორედ კონტინენტის გაერთიანებით იყო დაკავებული, იდეის რეალიზებისათვის, კანტის მეთოდებისაგან განსხვავებით, უფრო სისხლიანი საშუალებები გამოიყენა, სანამ იგი ვატერლოოსთან არ შეაჩერეს (იგულისხმება ნაპოლეონ ბონაპარტი – ს.კ.).

„განმანათლებლობის ეპოქის“ წარმოდგენები იმაზე, თუ ვინ მიეკუთვნება ევროპას, ეფუძნებოდა ევროპელების სავარაუდო რაციონალურობას და კოსმოპოლიტიზმს. მე-19 საუკუნეში გაჩნდა იდეა ძირ-ძველ ევროპულ კულტურაზე და ხალხებზე, ასევე ყველაზე სახიფათო იდეა – რასობრივი თეორია. ასეთი ნაციონალიზმი ახალ ომებს მოასწავებდა ევროპის გაერთიანების დროშით. თანამედროვე ევროპული მოძრაობა დაიწყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. მისი ზოგიერთი დამაარსებელი ამ მეთოდს განიხილავდნენ როგორც კონკურენციას ამერიკასთან და საბჭოთა კავშირთან, რაც იმას ნიშნავდა, რომ „ნახევრადევროპული“ რუსეთი სრულყოფილი ევროპული სახელმწიფო ვერ გახდებოდა. სხვათა შორის, როგორც ამას ზოგიერთები ფიქრობდნენ, დიდი ბრიტანეთიც, რომელიც თავის თავს მსოფლიოს იმპერიასთან უფრო აიგივებდა, ვიდრე ევროპად.
როცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბოლოს დაბოლოს, ჯერ ქვანახშირისა და ფოლადის წარმოების ევროპული გაერთიანება, შემდეგ კი მის საფუძველზე, 1957 წელს, ევროპის ეკონომიკური გაერთიანება შეიქმნა, გაჩნდა ფედერალური ევროპული პროტომთავრობა, რომლის მისია პოლიტიკურიც იყო და ეკონომიკურიც: გადაექცია დასავლეთი ევროპა ისეთ მტკიცე ინტეგრირებულად, რომ იქ მდებარე სახელმწიფოებს ერთმანეთთან ვერ (და აღარ) ებრძოლათ და იმდენად მდიდრები ყოფილიყვნენ, რომ [ცხოვრების დონით] კომუნისტური ქვეყნები უკან ჩამოეტოვებინათ. ბუნებრივია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმდროინდელი ევროგაერთიანების წევრობა ცივი ომით უფრო იყო განპირობებული, ვიდრე ფილოსოფიური მოსაზრებებით. დასავლეთევროპული სივრცის ლიდერები, 1973 წლამდე თავს არ იტკივებდნენ იმაზე, რომ განესაზღვრათ, თუ რას ნიშნავდა „ევროპული იდენტურობა“. მხოლოდ მას შემდეგ, რაც 1973 წლის პირველი იანვრიდან მისი პირველი გაფართოება მოხდა სამი ქვეყნით, შეიმუშავეს ევროპულობის საერთო ფასეულობები პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით და შეთანხმდნენ შეენარჩუნებინათ „ეროვნული კულტურების მრავალფეროვნება“.

რამდენადაც ფასეულობები უნივერსალური იყო (დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ა.შ.), ხოლო კულტურა მრავალფეროვანი, არ არსებობდა ისეთი პრინციპული მიზეზები, რომ კომუნიზმის კრახის შემდეგ ევროკავშირში ცენტრალური და აღმოსავლეთევროპული ქვეყნები არ მიეღოთ. თეორიულად ევროკავშირში გაწევრიანება უკვე მხოლოდ ტექნიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების შედეგად ხდებოდა.
მაგრამ მოგვიანებით ევროპის გამაერთიანებელი ინსტიტუტები, ევროპული უთანხმოების წყაროებად გადაიქცნენ. ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილების თავისუფლება ფრანგებისაგან (გარკვეული დროით – ბრიტანელებისგანაც) მოითხოვდა, რომ მათ ხელი არ შეეშალათ უამრავი პოლონელისა და ბულგარელისათვის და ისინი დაუბრკოლებლად მიეღოთ თავიანთ ტერიტორიაზე. სავალუტო კავშირმა გერმანელები და ჰოლანდიელები აიძულა საკუთარი ბიუჯეტი იტალიელებთან და ბერძნებთან შეეთანხმებინათ. საერთოევროპული კანონმდებლობა ნიშნავდა იმას, რომ უნგრეთისა და პოლონეთის ხარვეზიანი სასამართლო სისტემა ევროკავშირის ყველა ქვეყნის პრობლემა გახდებოდა. მრავალსაუკუნოვანმა მცირე ბზარებმა, რომლებიც ევროკავშირის შექმნიდან დარჩა, ნელ-ნელა გაფართოება დაიწყო. გამოიკვეთა რელიგიური განსხვავება პროტესტანტულ, კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის.

ევროს 2010-2012 წლების კრიზისმა და 2015-2016 წლების მიგრაციულმა კრიზისმა გაფართოების სურვილი მხოლოდ ევროკავშირის ზოგიერთ წევრსღა შეუნარჩუნა.
ბოლო დროს ევროპელი ლიდერები, ისევ ენთუზიაზმით ლაპარაკობენ გაფართოების თაობაზე. იმის გასაგებად, თუ რატომ ხდება ასე, სასარგებლო იქნება კონსულტაცია გავიაროთ მე-20 საუკუნის უდიდეს ევროპელ ფილოსოფოსთან ლუდვიგ ვიტენშტეინთან: ავსტრიელი მოაზროვნე ოდესღაც ფიქრობდა, რომ ფილოსოფია, ზუსტ მეცნიერებად უნდა ჩამოყალიბდესო. მოგვიანებით იგი მივიდა დასკვნამდე, რომ მისი იდეები სრული სისულელეს წარმოადგენდა. სიტყვებისა და ტერმინების ზუსტი განსაზღვრა ხშირად შეუძლებელია, მათ შინაარსს მკაფიო საზღვრები არ აქვთ. სიტყვების მნიშვნელობა ძირითადად იმით გამოიხატება, თუ ვინ და როგორ იყენებს მათ მიზნების მისაღწევად.

იგივე შეიძლება ითქვას სიტყვა „ევროპის“ შესახებაც. ევროპელების გრძნობა იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნის და ვინაა ღირსი ევროკავშირის წევრის სტატუსი მიიღოს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პრობლემებს იხილავენ თვითონ ევროპელები. საფინანსო და კანონის უზენაესობის შესახებ დავები ეს შიდაევროპული პრობლემებია, მაგრამ უკრაინის ომი, ჩინეთთან კონკურენცია, მზარდი მიგრაცია ხმელთაშუა ზღვის გავლით და კლიმატის ცვლილება – გეოპოლიტიკური. ამ ყველაფერმა ევროპის ყურადღება გეოგრაფიისადმი დააბრუნა. ფრანგები და ალბანელები, ალბათ, შეიძლება ერთმანეთს არ დაეთანხმონ იმაში, თუ რა ცივილიზებული ნიშნები აერთიანებთ, მაგრამ მათ იციან, რომ ისინი ერთად დგანან ევრაზიული კლდის კიდეზე. დღეს ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

წყარო