შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ისრაელიდან მოსულ ამბებს. ჩვენ ცალსახად ვგმობთ „ჰამასის“ თავდასხმებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ბორელის თქმით, ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში.
„შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ისრაელიდან მოსულ ამბებს. ჩვენ ცალსახად ვგმობთ „ჰამასის“ თავდასხმებს. ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ტერორიზმი და ძალადობა არაფერს წყვეტს. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში“, – წერს ჯოზეფ ბორელი.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „ქვეყანა ომშია“.