გასული ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტები უკრაინას ორი ტიპის რაკეტებითა და დრონებით დაესხნენ თავს. უკრაინული მედია იუწყება, რომ საოკუპაციო ძალამ ოდესის მიმართულებით მიიტანა იერიში.
ღამით ისევ დაიბომბა ხერსონი და ანტონოვკა. რუსულმა არმიამ საავიაციო ბომბები გამოიყენა. ვრცელდება ცნობები ორი დაღუპულისა და რვა დაშავებულის შესახებ.
რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქს “შაჰედის” დრონებით, ასევე “ონიქსის” და “კალიბრის” რაკეტებით შეუტიეს, საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი და რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო, მაგრამ იყო დარტყმაც, რის შედეგადაც საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა ღამით ოდესის ოლქში “შაჰედ-136/131” ტიპის 19 დრონი, “ონიქსის” ტიპის 2 რაკეტა და 12 “კალიბრი” გამოიყენეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა მათი უმრავლესობა ჩამოაგდეს, თუმცა, იყო დარტყმაც და პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ოდესის საზღვაო სადგურს, სადგურის სასტუმროს შენობაში, რომელიც რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს, ხანძარი გაჩნდა, რომელიც დროულად ჩააქრეს.გარდა ამისა, “ონიქსის” რაკეტებმა მარცვლეულის შესანახი გაანადგურეს. ამასთან, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ოდესის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთი საწარმოს სასაწყობო შენობები და კერძო სახლი დაზიანდა, რის შედეგადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.