ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულებს ნიკა მელიას, ზვიად კუპრავას და ბაჩო დოლიძეს 48-საათიანი ვადა ეწურებათ და, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ.
როგორც მან ცოტა ხნის წინ მთავარ სამმართველოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას აქვს მოლოდინი, რომ სამივე დაკავებული გათავისუფლდება.
“გუშინ საღამოს მივიღეთ ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების ვადა 24 საათით გააგრძელა. როგორც მოგეხსენებათ, სამივე დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტთან დაკავშირებით არიან. დღეს, 48-საათიანი ვადა იწურება, დაახლოებით, 21:00 საათზე. დიდი ალბათობით, უახლოეს საათებში სამივე მათგანს, ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით, ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ, სადაც სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. გვაქვს მოლოდინი, რომ სამივე მათგანი გათავისუფლდება. ჩვენს პოზიციას სასამართლოზე წარვადგენთ, რომ არანაირ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, დაძაბული ფონი იყო. პროვოცირება იყო პირიქით, პოლიციის გარკვეული მაღალჩინოსნების მხრიდან, რომლებიც ორიენტირებულები იყვნენ ნიკა მელიასა და მისი თანმხლები პირების მიმართ იძულებით ღონისძიების გამოყენებაზე. ყველაფერ ამას მოყვა ის, რომ 48 საათის განმავლობაში აღმოჩნდნენ დროებით დაკავების იზოლატორში. იმის მსგავსად, რომ პოლიციას მყისიერად ემოქმედა, პროვოცირება მოაწყვეს და შემდგომ უკვე ვიდეომასალაში, რაც სოციალურ ქსელებში და ყველა არხზე გავრცელდა, ვიხილეთ იყო თუ როგორ ცდილობს ათეულობით პოლიციელი ნიკა მელიასა და მისი თანმხლები პირების დაკავებას. მთავარი კითხვაა რამ განაპირობა, რა სამართლებრივი საფუძველი არსებობდა, რომ მაგალითად, პოლიტიკოსის, ლიდერი მიმართებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო მისული და თანაგრძნობას უცხადებდა დაზარალებულებს, დაკავების ოპერაცია დაიწყო. ეს არის უკანონობა”,- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.