სახალხო დამცველი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გამოყოფას, ელექტრონული ზედამხედველობის გაძლიერებას და მოძალადეებისთვის ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამაში სავალდებულოდ ჩართვას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გამოყოფას, ელექტრონული ზედამხედველობის გაძლიერებას და მოძალადეებისთვის ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამაში სავალდებულოდ ჩართვას ითხოვს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ განუცხადა.

როგორც სხილაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკა ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე არ გააჩნია.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილია სამართალდამცავი უწყების რეაგირების მაჩვენებელი ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, პრობლემად რჩება ის, რომ ქალთა მკვლელობების შემთხვევების რაოდენობა წლიდან წლამდე არ იკლებს. მაგალითისთვის, ქალთა მკვლელობის მცდელობის რაოდენობა 2020 წელს იყო 27, როცა 2021 წელს იყო 31. მკვლელობის რაოდენობა 2021 წელს 22 იყო, მაშინ, როდესაც 2020 წელს 24 იყო. რეალურად, სიტუაცია არ იცვლება. ამის მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკა ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე არ გააჩნია. არის მხოლოდ რეაქტიული მექანიზმები, ანუ პოლიცია რეაგირებს მხოლოდ მომხდარ შემთხვევებზე. რაც შეეხება პრევენციულ პოლიტიკას, ამაში ვგულისხმობთ როგორც განათლების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ნაწილს, ასევე ვგულისხმობთ იმ მხარდამჭერი თუ სოციალური სერვისების არსებობას, რაც ხელს უწყობს მსხვერპლებს, დატოვონ ძალადობრივი გარემო. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომლის მიხედვითაც, მსხვერპლს კომპენსაცია უნდა ეძლეოდეს და ამ კომპენსაციის გაცემის წესი უნდა იყოს დადგენილი. თუმცა, ვნახეთ, რომ კიდევ ერთი წლით გადავადდა ამ წესის შემუშავება და 2022 წლის ბოლომდე უნდა შემუშავდეს. ეს ე.წ. რეფერირების დოკუმენტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან არსებული გენდერული თანასწორობის კომისიის ფარგლებში მუშავდებოდა, თუმცა, საქმე ისაა, რომ ჯერ დოკუმენტი არც გვინახავს. ამასთან, მთავარი პრობლემაა ისიც, რომ გარდა მსხვერპლის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისა, უწყებებს შორის კოორდინაცია არ არსებობს. როგორც უკვე აღვნიშნე, ე.წ. რეფერირების დოკუმენტი ძალიან დიდი ხანია შემუშავებულია, თუმცა, ამ დრომდე არ დამტკიცებულა. ამ დოკუმენტშია განსაზღვრული ის პასუხისმგებელი უწყებები, დაწყებული ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებიდან, დასრულებული სამართალდამცავი უწყებებით. ასევე გაწერილია ის წესები, თუ როგორ უნდა მოახდინონ ინფორმაციის მოცვა იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის ისეთი ტრაგიკული შემთხვევები, როგორიც შეიძლება იყოს მკვლელობა და ჯანმრთელობის დაზიანება. ვითხოვ, რომ ეს დოკუმენტი დროულად დამტკიცდეს. ასევე კიდევ ერთი და მთავარი პრობლემა არის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების არარსებობა. მუნიციპალიტეტების პრაქტიკას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ არაერთგვაროვანი პრაქტიკა იქნება ეს ქირით უზრუნველყოფა, ერთჯერადი გასაცემელი თუ ა.შ. ეს მიდგომები არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. ის დროებითი თავშესაფრები, რაც ქვეყანაში გვაქვს, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, თუმცა, ის ყველა შემთხვევაში ვერ არის პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობა. თავშესაფარი ადამიანს დროებით, მხოლოდ 3 თვით აძლევს ძალადობრივი გარემოს დატოვების შესაძლებლობას, თუმცა, მსხვერპლებს გრძელვადიან პერსპექტივაში სჭირდებათ გაძლიერება. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების პოლიტიკა იყოს ერთიანი და ორიენტირებული მსხვერპლთა გაძლიერების ღონისძიებებზე. ახლა არის მუნიციპალიტეტები, რომლებიც საერთოდ არ გასცემენ ამ ტიპის მხარდამჭერი ღონისძიებისთვის თანხებს, ზოგი მუნიციპალიტეტი გასცემს. ასევე სხვადასხვაგვარია თანხის მოცულობა და რაოდენობა. თანხის ოდენობა, მისი გაცემის წესი სახელმწიფოს დონზე უნდა განისაზღვროს“, – განაცხადა სხილაძემ.

ამასთან, სხილაძის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმი, რაც სამაჯურის გამოყენებას გულისხმობს, მას ცოტა ადამიანი იყენებს.

„ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ელექტრონული ზედამხედველობა, რომელიც დაცვის ერთ-ერთი ღონისძიებაა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, თუმცა ამ ზედამხედველობის მექანიზმის გამოყენების ძალიან მცირე მაჩვენებლებია. გასულ წელს მხოლოდ 14 შემთხვევაში იქნა გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობა. სახელმწიფოს პოზიციაა, რომ თავად ქალები აცხადებენ უარს მსგავსი მეთვალყურეობა განხორციელდეს. ქალებს ზოგადად უჭირთ მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობა. უნდა გაძლიერდეს მუშაობა იმისთვის, რომ მათ შეძლონ არსებული მექანიზმებით სარგებლობა“, – განაცხადა სხილაძემ.

რაც შეეხება ძალადობრივი ქცევის კორექციას, სახალხო დამცველის მოადგილე ამბობს, რომ მოძალადეებისთვის სავალდებულო უნდა იყოს რა არა ნებაყოფლობითი.

„ძალადობრივი ქცევის კორექცია გულისხმობს მოძალადეებთან მუშაობას ძალადობრივი ქცევის ცვლილებისთვის, რაც ამ ეტაპზე საქართველოში დანერგილია მხოლოდ მსჯავრდებულთათვის და ია ნებაყოფლობითია. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ეს გახდეს სავალდებულო ოჯახში ძალადობის დანაშაულზე მსჯავრდებულთათვის და არ ჰქონდეთ მათ არჩევანის შესაძლებლობა და უარის თქმის უფლება. ვიცით, რომ ძალადობრივი ფაქტები სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგაც ხდება და ზოგადად, ამ დანაშაულს განმეორებითობა ახასიათებს. ასევე ვითხოვთ, რომ ასეთი პროგრამები დაინერგოს დამცავი ორდერის გამოწერის შემთხვევაში. ამას რომელი უწყება და როგორ განახორციელებს, ჯერჯერობით მსჯელობის საკითხია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორის როლი. ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში 16 და გენერალურ პროკურატურაში 18 მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორია დასაქმებული. მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორის როლი არის ზუსტად ის, რაზეც ვსაუბრობდი, რომ მართლმსაჯულებაში ქალის მონაწილეობის ხელშეწყობა უზრუნველყოს, რათა მან არ გადაიფიქროს პროცესში მონაწილეობა, მოიხსნას გარკვეული ბარიერები, არ მოხდეს სტიგმატიზაცია და ა.შ. ისინი ეხმარებიან მსხვერპლს, რომ ერთი მხრივ, მართლმსაჯულების პროცესში იყოს ჩართული, ხოლო მეორე მხრივ, ისარგებლოს სისტემის მიღმა სერვისებით. ჩვენი მთავარი წუხილია ის, რომ მათი რაოდენობა ვერ პასუხობს არსებულ მოთხოვნას. ეს 40-მდე ადამიანი ათასობით „ქეისზე“ მუშაობს. წარმოუდგენელია, ასეთი მუშაობა ეფექტიანი იყოს. ცხადია, ვითხოვთ, რომ ამ სამსახურის როლიც გაძლიერდეს, ასევე გაიზარდოს კოორდინატორების რაოდენობა“, – განაცხადა სხილაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.