პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნათია თურნავას მოუსმენენ.
თურნავას კანდიდატურა პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტში მაისის ბოლოს შევიდა და საკითხი განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს გადაეცა.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს.
ეროვნული ბანკის საბჭოში ორი ადგილი ვაკანტურია. საბჭო, რომელიც 9 წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი, ამჟამად 7 წევრისგან შედგება.
ნათია თურნავა 2019 წლიდან 2022 წლის თებერვლამდე ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. ნათია თურნავას მინიჭებული აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. სწავლების სხვადასხვა კურსი გავლილი აქვს აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის, კ. კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით, მოგვიანებით კი გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა დაასრულა და ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი მიენიჭა. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი, ორი წიგნის თანაავტორი.