“ჩვენ რუსეთს ვეღარ დავეყრდნობით,ის ვერ გვიცავს, მისი იმედი აღარ უნდა გვქონდეს”- ინტერვიუ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან

ბოლო დღეებში დასავლური პრესა ყურადღებას უთმობს სამხრეთ კავკასიაში მომხდარ მოვლენებს, კერძოდ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შექმნილ მზარდ დაძაბულობას მთიანი ყარაბაღის გამო და ამასთან დაკავშირებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ გაკეთებულ საკმაოდ რადიკალურ განცხადებებს რუსეთის მიმართ.

 

„მოსკოვი სომხეთს ვეღარ იცავს“, „კრემლი სომხეთის უსაფრთხოების დაცვის გარანტორი არ არის“, „სომხეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რომ რუსეთის მოიმედე გახდა“, – ასეთი სათაურები აქვს ფრანგულ, გერმანულ და ამერიკულ გაზეთებში გამოქვეყნებულ მასალებს.
აშშ-ის გაზეთ „პოლიტიკოში“ (Politico) სათაურით „ჩვენ რუსეთს ვეღარ დავეყრდნობით, ის ვერ გვიცავს, მისი იმედი აღარ უნდა გვქონდეს“, გამოქვეყნებულია სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის ინტერვიუს შინაარსი, რომელსაც ჟურნალისტი გებრიელ გევინი ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

რუსეთის კატასტროფული შეჭრა უკრაინაში იმას ნიშნავს, რომ სომხეთს მეტად აღარ შეუძლია მოსკოვს – როგორც უსაფრთხოების გარანტს – დაეყრდნოს და მისი მოიმედე იყოს, განსაკუთრებით აზერბაიჯანის მხრიდან კონფლიქტის განახლების მზარდი საფრთხის გამო, – აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი Politico-სთან ინტერვიუში.

პრემიერ-მინისტრის უჩვეულოდ მკვეთრი კრიტიკა რუსეთის მიმართ, რომ მოსკოვი უკვე უუნაროა კავკასიაში საპოლიციო ფუნქციის შესასრულებლად, აძლიერებს იმის შეგრძნებას, რომ კრემლი გავლენას კარგავს – ოდესღაც ნაქებ ზესახელმწიფოს სტატუსს, რომელიც ადრე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საყრდენს წარმოადგენდა.
(…)

ამჟამად, როცა რუსეთის ყურადღება მთლიანად არის გადატანილი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე, ერევანში მატულობს შიში იმისა, გააგრძელებენ თუ არა ვლადიმერ პუტინის ჯარისკაცები, მშვიდობის დაცვას სამხრეთ კავკასიაში. ამ შიშს მართლაც აქვს საფუძველი: არსებობს რეალური საფრთხე, რომ აზერბაიჯანმა, სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის ანკლავის წინააღმდეგ, სამხედრო მოქმედება განაახლოს.

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად რუსეთის შესაძლებლობები შეიცვალა“, – ამბობს ნიკოლ ფაშინიანი და ხაზს უსვამს, რომ კრემლს არ სურს აზერბაიჯანთან და მის მოკავშირე თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭება სომხეთის გამო.
დღეს, მოსკოვისათვის, რომელიც კიევთან სისხლისმღვრელ ომშია ჩაბმული, ბაქოსთან და ანკარასთან კარგი კავშირების შენარჩუნება აუცილებელია.

 

„ჩვენი სტრატეგია იმით უნდა იყოს გამოხატული, რომ ასეთ სიტუაციაში შევეცადოთ და შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება სხვებზე“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი, – ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო გვქონდეს, მაგრამ იმავდროულად უნდა შეგვეძლოს თავი ავარიდოთ არასასურველ მოვლენებს, არ მოვხვდეთ აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის შეტაკების ეპიცენტრში… არ უნდა დავუშვათ ისეთი შემთხვევა, რომ სომხეთი „პროქსი“-ქვეყანა გახდეს სხვებისათვის. ეს ძალზე მნიშვნელოვანია“.

 

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, „როცა მეზობლებთან კონფლიქტის წინაშე ვდგებით, ყოველთვის რუსეთის იმედად ყოფნა და მისი დასახმარებლად მოწვევა მიუღებელია. ასეთი სამოქმედო მოდელი ბევრ მოწყვლად მომენტებს შეიცავს“.
მთიანი ყარაბაღი, რომელიც აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მდებარეობს, მაგრამ მის ტერიტორიას ადგილობრივი სომხური მოსახლეობა აკონტროლებს, სსრ კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორი ომის არეალად იქცა. ორივე შემთხვევაში რუსეთი ჩაერია სომხების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მოსკოვის უნარი, რომ მან მხარეთა შორის სტატუ-ქვო დაიცვას, ნელ-ნელა სუსტდება.

 

„ბოლო დროს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის დონე მკვეთრად დაეცა, შეიქმნა იმის საშიშროება, რომ აზერბაიჯანი უშუალოდ შეიჭრას და მთიანი ყარაბაღი სრულად გააკონტროლოს. გარდა ამისა, ბაქომ თავისი მოქმედებით ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი ინტერვიუში. იგი ბრალს სდებს აზერბაიჯანს, ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვის გამო, რომელიც მთიან ყარაბაღთან სომხეთის ერთადერთ დამაკავშირებელ გზას წარმოადგენს და რომელსაც რუსი მშვიდობისმყოფელები იცავენ 2020 წლის ნოემბრიდან.

 

ლაჩინის გზით მთიან ყარაბაღში სომხეთიდან სურსათი, მედიკამენტები და საწვავი შედის და მისი ჩაკეტვით ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას შიმშილი ემუქრება.

(…)
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მომხდარი ამბები აშკარად ნიშნავს იმას, რომ მოსკოვი თავის ვალდებულებას ვერ ასრულებს: „ამ ყველაფრის აღკვეთა, რაც ხდება, რუსი მშვიდობისმყოფელების მოვალეობას წარმოადგენს და რადგანაც ისინი ვერ ასრულებენ თავიანთ ამოცანას, რუსული სამშვიდობო მისია წარუმატებელი აღმოჩნდა“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი და იქვე ამატებს: „თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ თუ მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელები არ იქნებოდნენ, სიტუაცია უფრო კარგი იქნებოდა“.
(…)
ბოლო დღეებში ორი მეზობელი სახელმწიფოს საზღვარზე შექმნილი დაძაბული მდგომარეობის გამო სომხეთისა და აზერბაიჯანის არმიები საბრძოლო მზადყოფნაში იქნენ მოყვანილნი, რაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიამაც დაადასტურა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ესკალაციის სცენარის გამორიცხვა ჯერ-ჯერობით არ შეიძლება, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ სომხეთი თანახმაა მობილიზებული სამხედრო ქვედანაყოფები, თავიანთი დისლოცირების ბაზებში დააბრუნოს, იგივე უნდა გააკეთოს აზერბაიჯანმაც.

ინტერვიუში პრემიერმა დაადასტურა, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებას, აშშ-ის, ევროკავშირისა და რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით.

 

„ჩვენ ვაცნობიერებთ ერთ ჭეშმარიტებას: თუ გვსურს გვქონდეს მტკიცე სახელმწიფოებრიობა, ამისათვის სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობის მოგვარების მიზნით“, – თქვა მან და იქვე აღნიშნა, რომ ძველი მოკავშირის (რუსეთის) მფარველობაზე უარის თქმა არ ნიშნავს იმას, რომ სომხეთს, რომელიმე დასავლელი დამცველი სწრაფად გამოუჩნდება: დიდი გზის გავლა იქნება საჭირო იმისათვის, რომ სომხეთმა დასავლეთისაგან ისეთი სრული მხარდაჭერა მიიღოს, როგორიც მას სურს.
„ჩვენი პარტნიორები – ევროკავშირი და აშშ – მხარს მაშინ გვიჭერენ, როცა საქმე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას ეხება, მაგრამ მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ასეთი მხარდაჭერა საკმარისია ჩვენი [საბოლოო] მიზნების მისაღწევად და ჩვენი საქმიანობის დღის წესრიგის შესასრულებლად“, – დასძინა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუში.

წყარო